ნინო ბურჯანაძე: არჩევნები ქვეყანაში კარგავს აზრს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საოლქო კომისიებმა ყველა საჩივარს განხილვაზე, რომელიც პარტიას ჰქონდა შეტანილი უარი უთხრა.

„ჩვენი კანონიერი მოთხოვნა იყო, რომ გახსნილიყო უბნები და მომხდარიყო ხმების გადათვლა. აღნიშნული ქმედება რეალურად ლეგიტიმურობას მისცემდა საპარლამენტო არჩევნებს. ნამდვილად ისეთ დემოკრატიას ვაშენებთ, რომელიც ევროპელებისთვის გასაოცარი და უცხო გახლავთ. საოლქო კომისიების მიერ დაუბალანსებელი და გაყალბებული ოქმების შედგენისთვის საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს დააწერინეს სუს-ის კარნახით ახსნა-განმარტებები. ძალიან საინტერესოა, ყველა ახსნა-განმარტებაში მითითებულია, რომ ოქმები ვერ დაბალანსდა, გადასწორებულია, ხარვეზულია იმის გამო, რომ კომისიის წევრები ან ოლქის ხელმძღვანელები დაიღალნენ, ჩაეძინათ, სიცხე ჰქონდათ ან თავს შეუძლოდ გრძნობდნენ. სად ნახეს ამდენი სუსტი ადამიანი ერთბაშად, რომ ამ თანამდებობებზე დაენიშნათ ეს ცალკე თემა გახლავთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, მხოლოდ რამდენიმე კომისიის წევრს გამოუცხადეს საყვედური და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა გაყალბებული არჩევნები სამართლიანად ჩაითვალოს.

„შევხვდი თამარ ჟვანიას, სადაც მივიღე დაპირება, რომ დარღვევებთან დაკავშირებით უზრუნველყოფდა უბნების გახსნას. ცესკო-ს მხრიდან ყველა საოლქოს წამომადგენელმა მიიღო ერთმნიშვნელოვანი დავალება, რომ არ დაეჭირათ მხარი უბნების გადათვლას. ყველგან მიდიოდა ზარით კონკრეტული დავალება. „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთმანეთთან შეთანხმებით, 200 ხმა გადაინაწილეს და თუ გადათვლა მოხდება აღმოჩნდება, რომ არც „ნაცმოძრაობას” მიუღია 27 % და არც „ქართულ ოცნებას“ 49%. სასამართლოს პროცესებს ესწრებოდნენ ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებლები, რომლებიც გაოგნებულები უყურებდნენ იმ პროცესებს, რაც მიდიოდა სასამართლოში. ვპირდები ყველას, ამ არჩევნების შედეგები ძალიან ძვირად დაგიჯდებათ. ორი პარტიის პარლამენტში თუნდაც 6 კაცით არ შეშვება ძალიან ძვირად დაგიჯდებათ. ქვეყანაში სასამართლო აღარ არსებობს, არ არსებობს სამართლიანობის პოვნის არანაირი გარანტია, არჩევნები ქვეყანაში კარგავს აზრს. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას აქვს ორი გზა, ან ავტოკრატია ან რევოლუცია. ამ არჩევანის წინაშე პირადად ბიძინა ივანიშვილმა დააყენა ჩვენი საზოგადოება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ხალხმრავალ ადგილებში დაცვა გაძლიერდა
შემდეგი სტატიააფხაზეთში გაძლიერებულია დაცვა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში