ნინო ბურჯანაძე : ამომრჩეველს თუ ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ, ოფისები იწვება და თავში ურტყამენ ადამიანებს, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში

ამომრჩეველს თუ ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმებს იპარავენ, ოფისები იწვება და თავში ურტყამენ ადამიანებს, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომელიც ლევან ვარშალომიძის მიერ ბათუმში, აქციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მობილიზაცია გააკეთონ საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.

„უბრალოდ, ეს არ არის იმდენად სირცხვილის კორიდორი, რამდენად უფრო გამოფხიზლების. იმიტომ რომ, მე მიმაჩნია ერთი რამ, მაგალითად, თავს ვალდებულად ვთვლიდი, რომ დამეცვა როგორც ჩემი, ასევე „ქართული ოცნების“ ხმები. თუ რომელიმე ამომრჩეველი თვლის, რომ ოცნების ხმა დაცული უნდა იყოს და ბურჯანაძის, მელიას, უგულავას ან ნებისმიერი სხვა პარტიის ხმა მოპარული უნდა იყოს, თუ ასე თვლის რომელიმე ამომრჩეველი და ნორმალურად მიაჩნია, რომ საქართველოში ხმების იპარავენ, ოფისები იწვება და თავში ურტყამენ ადამიანებს, მაშინ ასეთმა ამომრჩეველმა უნდა გაიაროს სირცხვილის კორიდორში. მაგრამ რიგითმა ამომრჩეველმა, რომელსაც უნდა სამართლიანი არჩევნები, მაგრამ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, მას ამის უფლება აქვს. თვითონ მიხვდება ადამიანი. რომ გაივლით, შეურაცხყოფა თუ გეკუთვნით, მიიღებთ, თუ არ გეკუთვნით, არ მიიღებთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა ეს ზეწოლა, ბურჯანაძემ განაცხადა: „უკაცრავად და ჩემს ამომრჩეველთან რომ მიდიოდა სუს-ი, კუდ-ი და ათასი უბედურება, ქურდები, თუ შავი ბიჭები არიან, თუ წითლები, რომ ვერ გადაწყვიტეს, ის არ იყო ზეწოლა? ამაზე ხმა უნდა აღიმაღლოს საზოგადოებამ და ხმამაღლა განცხადება უნდა გაკეთდეს. როგორ არის ახლა, ბიძინას რადგან 5 თუ 7 მილიარდი აქვს, ყველაფერი მოსულა და სხვას, ვისაც არ აქვს ფული, მათთვის არ მოსულა. ეგ როგორი სამართალია, ძალიან მაინტერესებს. რიგითი ამომრჩეველი ზარალდება იმით, რომ ხელისუფლების სათავეში არიან თაღლითები, რომლებიც არჩევანს გვპარავენ, ამით ზარალდება რიგითი ამომრჩეველი და ამაზე იფიქრეთ ყველამ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი : არ ვიცი, მეორე ტურს ვისთან მართავენ, ოპოზიცია მეორე ტურში არ მონაწილეობს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : ჩვენ არ ვაპირებთ სირცხვილის კორიდორების მოწყობასა და მასში მონაწილეობას