“მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის დმანისის სიონის გაწმენდითი სამუშაოებით, სეზონური საზაფხულო კამპანია დაასრულა,რომელიც დმანისის, თეთრიწყაროს და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალსა და მის მიმდებარედ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მცენარეული საფარისგან გაწმენდა – დასუფთავებას ითვალისწინებს.
ორგანიზაცია აღნიშნულ კამპანიას უკვე მეოთხე წელია ატარებს და ის ტრადიციულად წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე მიმდინარეობს.
“მიუხედავად სამუშაოების სირთულისა მაინც შევძელით სრულად გაგვეწმინდა დმანისის სიონის ტერიტორია და მის მიმდებარედ ისტორიული შენობების შემორჩენილი ნაწილები.
დმანისის სიონი რიგით მეშვიდე ძეგლია აბულმუგის სპარსული აბანოს, სათხის მონასტერის, ხულუტის ციხე-დარბაზის ფიტარეთის მონასტრის და მუშევანის და გვიანი შუასაუკუნეების ძეგლების შემდეგ, რომელიც წელს საზაფხულო კამპანიის ფარგლებში გაიწმინდა.
მთელ ამ პერიოდში ძალიან ბევრი მოხალისე-მოქალაქე გვიკავშირდებოდა სამუშაოებში ჩართვის სურვილით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მომავალი კამპანიები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.
თუ ძეგლების რეაბილიტაციას ვერ ვახერხებთ მათი მოვლა-პატრონობა მაინც უნდა შეგვეძლოს.” – აცხადებს
“მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.
დმანისის სიონის სამუშაოებში აქტივისტებთან ერთად მონაწილეობას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია,კომპანია ” RMG” ის გარემოსდაცვითი დეპარტამენტის წარმომადგენლები და ადგილობრივი ახალგაზრდები იღებდნენ.
მისივე განცხადებით, კულტურული მემკვდრეობის ძეგლების გაწმენდის მორიგი კამპანია სტარტს ნოემბერში აიღებს.