,,მოსახლეობამ ღიად უნდა დაიწყოს იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც გარემოსდაცვის მიმართულებით აწუხებთ, მხოლოდ ასე ერთობლივად შევძლებთ გარემოს გადარჩენას.” -აცხადებს ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრი და საინფორმაციო კამპანიის ინიციატორი ნინო ბურჭულაძე.
ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.
სამუშაო ჯგუფმა მოსახლეობასთან შეხვედრა დმანისის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.
კამპანიის მიზანია კომპანია“არემჯის“ საწარმოო ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს 2023 წელს სამუშაო ჯგუფის საქმიანობისა და კომპანია“ არემჯის“ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების პროცესის მონიტორინგის შედეგების შესახებ.
შეხვედრები უკვე გაიმართა ვარდისუბნის, დიდი დმანისის და მაშავერის მოსახლეობასთან.
„ ამ კამპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი არის ის, რომ მოსახლეობამ ღიად დაიწყოს საუბარი იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც გარემოსდაცვის მიმართულებით აწუხებთ, რაც ჩვენი საქმიანობის უკეთ დაგეგმვასა და სწორად წარმართვაში დაგვეხმარება. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენს შეხვედრებს უამრავი ადამიანი ესწრება, ერთის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია როგორ გარემოში ცხოვრობს.მეორეს მხრივ, შეხვედრები იმართება მხოლოდ მოსახლეობის მხრიდან ნდობაზე, რაც ჩვენმა სამუშაო ჯგუფმა თითქმის 6 წლიანი საქმიანობით დაიმსახურა. ჯერ მხოლოდ სამი სოფლის მოსახლეობას შეხვდით და უკვე გამოიკვეთა ის პრობლემები, რომლებიც, სამწუხაროდ ჩვენი ყურადღების მიღმა რჩებოდა“ – განაცხადა სამუშაო ჯგუფის წევრმა ნინო ბურჭულაძემ.
მისივე განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები იგეგმება კიდევ რამდენიმე სოფელში.
საინფორმაციო კამპანიის ინიციატორი „ საყდრისის კომიტეტია“ და ის დმანისის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში 2023 წლის თებერვალ- მარტშიც მიმდინარეობდა.