ნინო ანანიაშვილი რუსეთში ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ნინო ანანიაშვილმა სიახლის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ილაპარაკა.

“გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო”. – ამბობს ანანიაშვილი და აღნიშნავს, რომ რუსეთი ბალეტის მნიშვნელობით “ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუ პირველი არა”.

” თუმცა ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა” – უთხრა ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებას და თქვა, რომ პანდემიის გამო ბალეტის მსახიობებს წინ ფინანსური პრობლემები ელით.

“ამიტომ გამოსავალი ვიპოვე ასეთ თანამშრომლობაში. ნოვოსიბირსკის თეატრიც ეძებდა ისეთ თეატრს, რომელთანაც შეძლებდნენ თანამშრომლობას მსახიობების, პედაგოგების, ქორეოგრაფების მხრივ”, – თქვა ანანიაშვილმა და დაამატა, რომ ის ქართული დასის ხელმძღვანელადაც რჩება.

“სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი. მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ”,- უთხრა ანანიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

მოველი, რომ შემოტევა იქნება პირადად ჩემი მისამართით, მაგრამ მზად ვარ.

მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქონდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ-აცხადებს ნინო ანანიაშვილი.

ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო და სულ არ გახარებია გრიგოლ ვაშაძეს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახლში ნაკლებად ვიქნები. უბრალოდ, ჩვენ გაყოფილი გვაქვს სფეროები – მე არასოდეს ვერევი პოლიტიკაში, ის თავად იღებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხანდახან არც ვარ საქმის კურსში. ეს კი ჩემი ცხოვრებაა დღეს, ჩემი სფეროა, ჩემი პროფესია და ხელოვნება. და ამ პროფესიით მინდა მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის.

არა მგონია, ეს გადაწყვეტილება რუსეთმა პროპაგანდისთვის გამოიყენოს, იცით, როგორ არის, მე სულ მაქვს რუსეთის დიდი თეატრის ვარსკვლავებთან ურთიერთობა. ამ გადაწყვეტილებით რაიმე უცნაურს ნამდვილად არ ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს მეტ თავის ტკივილს ვუჩენ. მართალი გითხრათ, გრიგოლი არ იყო კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ მასაც ასე ავუხსენი, რომ დღეს ეს არის გამოსავალი. სხვა თეატრები დაკეტილია. რაც აქამდე გავაკეთე – ეს საკმარისი აღარ არის-აცხადებს პრიმა-ბალერინა.

banner
წინა სტატიაში” ბიძინა ივანიშვილისთვის ჯილდოს გადაცემა საქართველოს დიდი აღიარება და გამარჯვებაა”
შემდეგი სტატიაიმერეთში, საჩხერეში კისტის თოფიდან გასროლით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა