ნიკოლოზ სამხარაძე – ვიმედოვნებ, ოპოზიცია, რომელმაც თავისი ე.წ. გაყალბების ნარატივი ააგო „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგებზე, პოზიციას გადახედავს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან შეცდომის აღიარება მოლაპარაკებებისთვის ბევრს ნიშნავს.

„ამას მოლაპარაკებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. არა მხოლოდ მოლაპარაკებებისთვის, არამედ ზოგადად, იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია, რომელმაც თავისი ე.წ. გაყალბების ნარატივი ააგო „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგებზე, თავის პოზიციას გადახედავს, რადგან ის არგუმენტი, რომელიც მათ ჰქონდათ, ხელიდან გამოეცალათ. კარგი იქნებოდა, რომ ეს „სამართლიან არჩევნებს“ თავიდან გაეკეთებინა, ან იმ დროს მაინც, როცა ჩვენ მათ შევხვდით და მივუთითეთ, რომ სერიოზული შეცდომა იყო დაშვებული. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ისიც კარგია, რომ შეცდომა აღიარეს და ეს გამგეობამაც დაადასტურა. საქმე ადამიანურ შეცდომასთან გვაქვს, თუ გამიზნულ აქტთან, მგონია, არასამთავრობო სექტორმა უნდა გამოიძიოს, რა მოხდა, რადგან ეს ჩრდილს მათ ნდობას აყენებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

„სამართლიანმა არჩევნების“ წარმომადგენელმა დღეს პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოდან დეკანოზი გიორგი ბასილაია სვეტიცხოვლში ფეხით ჩავიდა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ნიკა მელია დასახელდა