საქართველო მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიას, ამისთვის არც მადლობას ვითხოვთ და არც შექებას, ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
„შალვა პაპუაშვილი მთელი მსოფლიოდან პარლამენტის პირველი თავმჯდომარე იყო, რომელიც ბუჩაში ჩავიდა. თუ ეს ვინმეს არ ახსოვს, შეგვიძლია, კიდევ ერთხელ გავახსენოთ.
ჩვენ არავისგან მადლობას არ ვითხოვთ. შალვა პაპუაშვილს არასოდეს უთქვამს, რომ მადლობას ითხოვს გაეროში რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.
რაც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ისაა, რომ ჩვენ უკრაინის ხელისუფლება უსამართლოდ გვექცევა იმ დღიდან, როდესაც მათ გაიწვიეს ელჩი საქართველოდან და ეს იყო 2022 წლის მარტი. სწორედ ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენ ვინმესგან მადლობას ველოდებით.
ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთის აგრესიას ვგმობთ, რადგან, უპირველესად, უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა. მეორე იმიტომ, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
ჩვენ ამისთვის არავისგან მადლობას არ ველოდებით. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა და ამისთვის არც მადლობას ვითხოვთ და არც შექებას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა უკრაინისთვის, რაც შეეძლო, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ეს იყო შალვა პაპუაშვილის განცხადების პათოსი და არა ის, რომ 600 რეზოლუციაზე 600 მადლობა უნდა გადაგვიხადონ. თუ სტეფანჩუკმა ეს ვერ გაიგო, ძალიან ცუდია“, – აღნიშნა სამხარაძემ.















