ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ფინეთში ვიზიტის ფარგლებში, ანალიტიკური ცენტრების, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული ცენტრის, ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის და მარტი აჰტისაარის სახელობის მშვიდობის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის , ოკუპირებული რეგიონების მძიმე მდგომარეობაზე და კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე. ასევე, სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და ამ მოლაპარაკებებში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე. ფინური ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოს ხედვით, როგორ შეიძლება უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიამ შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურა შეცვალოს.
შეხვედრებისას საუბარი შეეხო ფინეთის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას და იმ პრობლემებს, რომელსაც ფინეთი ამ გზაზე შეხვდა.

ასევე განიხილეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მათი განხორციელების სირთულეები, თანამედროვე გამოწვევების პირობებში.

„ფინური ანალიტიკური ცენტრები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების საკითხებში და შესაბამისად, მათთვის ძალიან საინტერესო იყო ამ საკითხების დანახვა, საქართველოს პერსპექტივიდან.“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშითეა ახვლედიანმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაბელორუსია უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ემზადება, თავს ორი მიმართულებით დაესხმება – ოლეგ ჟდანოვი