საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
სამხარაძის შეფასებით, ევროკომისრის პოზიცია სკანდალურია და ის კანდიდატი ქვეყნებისთვის ვაშინგტონის მოქმედ ადმინისტრაციასთან მეგობრობის აკრძალვად აღიქმება.
„საგულისხმო განცხადებაა. ფაქტობრივად, ეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის კრიტიკას და მათთან მეგობრობის და ახლო ურთიერთობების აკრძალვას ნიშნავს, რადგან MAGA-ს ფილოსოფია მომდინარეობს სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან.
ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ვინც იმეგობრებს ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის. მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
„ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა არ უნდა გარისკოს მომავალ წევრებთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური დამოკიდებულებები.
„არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება“, — განაცხადა მარტა კოსმა.








