ნიკოლოზ სამხარაძე – ევროკავშირი და ნატო არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი

„დღეს არსებული სამწუხარო ვითარება განსაკუთრებით სახიფათოა საქართველოსთვის, რომლის ტერიტორიების 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს არ გააჩნია უსაფრთხოების არანაირი საერთაშორისო გარანტია. გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენ სვლას არ ვწყვეტთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები სათანადოდ იქნება აღქმული და დაფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ევროკავშირი და ნატო არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

მომხსენებლის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დიდი შრომა გასწია.

„ჩვენ უკვე ძალიან მალე გვექნება თორმეტივე რეკომენდაცია შესრულებული და დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ მოხდება როგორც ხალხის, ასევე პოლიტიკური ელიტის კონსოლიდაცია საქართველოს ევროპული მომავლის გარშემო“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, მეგობარი ქვეყნები მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების და შემდგომ ევროკავშირში გაწევრიანების პარალელურად, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნატო-ში გაწევრიანება. მისივე თქმით, საქართველო ტექნიკურად სრულად აკმაყოფილებს წევრობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნას და სრულად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებაა.

„საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მანვე არაღიარების პოლიტიკაზე ისაუბრა.

„განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო არაღიარების პოლიტიკა. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს გახშირდა სპეკულაცია, რომ თურმე საქართველოს არ აქვს მიერთების მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დეკლარაციებთან. ჩვენი მტრების და მოყვარისთვისაც მინდა ამ ტრიბუნიდან განვაცხადო: დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ნომერ პირველი პრიორიტეტია არაღიარების პოლიტიკა, ამიტომ ვთხოვთ ჩვენს ყველა პარტნიორს და მეგობარ ქვეყანას, დაგვეხმარონ არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანმა რუსულმა აგრესიამ შავი ზღვის რეგიონი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც პარალელურად, პარტნიორებისთვის ჩვენი გეოპოლიტიკური წონა გაზარდა. ამაზე მეტყველებს როგორც ევროკავშირის სტრატეგიულ კომპასში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის მინიჭებული სტრატეგიული მნიშვნელობა, ისე ნორდიული ქვეყნების მხრიდან დიპლომატიური წარმომადგენლობების საქართველოში გახსნა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმესამე პრეზიდენტი მძიმე ჯანმრთელობის მიუხედავად, ხედავს, რომ თითოეული ქართველის აზრს, პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა – მანჯგალაძე
შემდეგი სტატიაზელენსკი ებრაელი ხალხის სირცხვილია – პუტინი