29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ რჩება

შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. შეთანხმება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, ბათილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სამხარაძემ ოკუპაციის პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება და დაგმო რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმება მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„მსურს, ყურადღება გავამახვილო ბოლოდროინდელ მოვლენებზე, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას. უმკაცრესად ვგმობ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ შეთანხმებას მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ეს დოკუმენტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და წარმოაჩენს რუსეთის მორიგ, სასოწარკვეთილ მცდელობას, რომ განამტკიცოს ოკუპაცია და მოახდინოს საერთაშორისო დონეზე საქართველოს ტერიტორიულად აღიარებული რეგიონების დე ფაქტო ანექსირება.

შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ შეთანხმება თუ ხელშეკრულება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების თვითაღიარებული ხელისუფლება გააფორმებს, იმთავითვე ბათილია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიკანადამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულება 900 მილიონი დოლარია
შემდეგი სტატიავეტერინარული კლინიკები რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციასა და ჩიპირებას უფასოდ ჩაატარებენ