საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებას ეხმაურება და თბილისის მკაცრ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს. სამხარაძის განცხადებით, ქართული დელეგაცია ასამბლეაში მანამ არ დაბრუნდება, სანამ უპირობოდ არ მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების აღიარება და 2025 წლის იანვრის კრიტიკული რეზოლუციის გაუქმება.
ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ ღიად აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციის ასამბლეაში არყოფნა პროცესს აზიანებს:
„საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნამ არ გააუმჯობესა ვითარება, შეკითხვაა, როგორ შეგვიძლია ამის მოგვარება შესაძლო მაქსიმალური შედეგისთვის, იზოლაცია გადაწყვეტა არ არის“.
ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ შექმნილი რეალობის გამო, ალან ბერსე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. მისი თქმით, გენერალურ მდივანს არ სურს საქართველოს იზოლაცია და ყველაფერს აკეთებს, რათა საკითხი ცივილიზებული ფორმით გადაიჭრას.
















