ნიკოლოზ რაჭველი: სტუმართმოყვარეობის და მასპინძლობის ადათი საქართველოში არასდროს ვრცელდებოდა დამპყრობლებსა და მტრებზე!

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი პუტინის მეგობრების საქართველოში ჩამოსვლას Facebook-ზე ეხმაურება.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

მახსოვს წლების წინ, საკმაოდ დიდი ხნის უკან მართლაც რომ უდიდესი მუსიკოსის და მსოფლიო მოქალაქის იური ბაშმეტის კონცერტის დროს, რომელიც თბილისის კონსერვატორიაში მიმდინარეობდა, გარეთ საპროტესტო განწყობით მოსულმა მოქალაქეებმა დიდი ხმაური გამოიწვიეს, ხმა დარბაზშიც შედიოდა, რამაც ხელი შეუშალა გია ყანჩელის ჩუმი და გარინდებებით სავსე ნაწარმოების შესრულებას. მაშინ ორაზროვანი განცდა მქონდა, ერთის მხრივ მინდოდა კონცერტს და ნაწარმოების პრემიერას მაღალ დონეზე ჩაევლო და მეორეს მხრივ ბოლომდე ვუთანაგრძნობდი პროტესტის შინაარსს, რომელიც გამოწვეული იყო მანამდე ბაშმეტის მიერ აფხაზეთში საგასტროლო მოგზაურობისა და სოხუმში ფესტივალის დაარსების ამბების გახმაურებით, რამაც ჩვენამდეც მოაღწია და ძალიან დაგვწყვიტა გული. ერთია, როცა ამბობ, რომ გიყვარს საქართველო (არც ბაშმეტის და არც პოზნერის გულწრფელობაში ეჭვი არ შემაქვს), მაგრამ მეორეა როგორ ექცევი იმ ერს, რომელსაც ეფიცები სიყვარულს. ბაშმეტიც და პოზნერიც საზრდოობენ პუტინის ინდულიგენციებით, მაგრამ მათი რანგის პროფესიონალებს და აღიარებულებს სხვებისგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ თავისუფლები, შეუძლიათ თავი აარიდონ ვალდებულებების იმ ნაწილს, სადაც მათ ავალებენ, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართ საჯაროდ დააფიქსირონ საქართველოსთვის, ჩვენი ხალხისთვის და მით უფრო ჩვენი წამებული გმირების სულებისთვის ყოვლად შეურაცხმყოფელი მოსაზრებები თუ მოქმედებები. მათ კი ეს არ ქნეს, ვერ კი არა, სამწუხაროდ არ!!!

ჰოდა არც ბაშმეტს უნდა წყინდეს მისადმი გამოხატული პროტესტი საქართველოში და მითუმეტეს პოზნერს, რომელსაც არც ამერიკის პასპორტი უშველის და არც ქართული ხელოვნებისადმი რევერანსები.

სტუმართმოყვარეობის და მასპინძლობის ადათი საქართველოში არასდროს ვრცელდებოდა დამპყრობლებსა და მტრებზე! უბრალოდ ვისურვებდი საქმე აქამდე არ მისულიყო და მათ, ვისთანაც ლოჯისტიკურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსი “ტურისტების” საქართველოში ვიზიტის ორგანიზატორები, მინიმუმ რეგულაციებისა და კომენდატი საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების თბილისში გამართვაზე. ეს იქნებოდა გონივრული პრევენცია. ახლა კი რაც ხდება ყველამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, სტუმრებმაც და უშუალოდ მათმა მასპინძლებმაც, საქართველოს სასაზღვრო ორგანიზაციების ჩათვლით! ხოლო ის, თუ რას იფიქრებენ ჩვენზე მე აღარ მაღელვებს, რადგან უფრო მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ჩვენზე გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ესპანეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ამერიკა, იაპონია და პორტუგალია…, – წერს რაჭველი.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო „რუსმ ჰოტელს“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს
შემდეგი სტატიაპავილიონისი: ევროკავშირის მომლაპარაკებლები გარეთ, პუტინის პროპაგანდისტები შიგნით