ნიკოლოზ ქარცივაძე – ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ ციფრს, დღევანდელი დღისთვის, ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის

ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ანესთეზიოლოგიური სამსახურის უფროსმა, რეანიმატოლოგმა ნიკოლოზ ქარცივაძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ინფიცირებულების ყოველდღიურ სოლიდურ ციფრს, დღევანდელი დღისთვის, ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის.

„განსაკუთრებით ნაყოფიერი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან. ასევე ჩართვა იყო ჩვენს უცხოელ კოლეგასთან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს. ძირითადი აქცენტები გაკეთდა იმ საწოლფონდის რაციონალურად გამოყენებაზე, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. ინფიცირებულების ყოველდღიური ციფრი სოლიდურია. დღევანდელი დღისთვის ჯანდაცვა და სახელმწიფოს სხვა სამსახურები ძალიან ეფექტურად უმკლავდება ამ მაჩვენებელს, მაგრამ მოგეხსენებათ ასევე რესურსები ამოუწურავი არ არის. დღევანდელი შეხვედრის ძირითადი აქცენტი იყო ზუსტად იმ მიმართულებით გაკეთებული, რომ არსებული საწოლფონდის გამოყენება მოხდეს რაციონალურად, დაკავდეს საწოლები იმ პაციენტებით, რომლის სტაციონარში ყოფნა აქტუალურია. კიდევ უფრო გაესვა ხაზი აქტუალობას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მენეჯმენტთან დაკავშირებით. ეს ის პაციენტები არიან, რომელთან მდგომარეობა არ იცდის, რომელთა დახმარებაც უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ და ეფექტურად. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება უცხოელ კოლეგებთან, სხვადასხვა კლინიკებთან. ძალიან საინტერესო აზრები იყო წარმოთქმული სხვადასხვა მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრის შედეგებს უახლოეს მომავალში ვიხილავთ“, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება პირდაპირი მოწოდებაა, რომ ბოიკოტი მიუღებელია და პარლამენტი ის ინსტიტუციაა, სადაც უნდა განიხილებოდეს ყველა პრობლემა
შემდეგი სტატიარესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი – საჭიროა სერიოზული მუშაობა, რათა მოსახლეობას განვუმარტოთ, რომ აუცილებელი არ არის იყო ჰოსპიტალში დაავადების სამართავად, შესაძლებელია იყო ბინაზე, ან კოვიდ-სასტუმროში, რაც საშიშროებას არ წარმოადგენს