ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განმარტა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში მისი მონაწილეობის მიზეზები და უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი ვიზიტი მმართველ პარტიასთან იყო შეთანხმებული.
მეტრეველის განცხადებით, ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს, საქართველოს პრინციპული პოზიცია პირისპირ დაუფიქსირა.
„მე ვარ პირველი ქართველი ექსპერტი, რომელმაც საჯაროდ, დისკუსიის დროს, პირდაპირ რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილეს მიხაილ გალუზინს დავუფიქსირე პოზიცია, რომ როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, ჩვენთვის „3+3 ფორმატი“ არის მიუღებელი. არ აქვს მნიშვნელობა სად ჩახვალ, მთავარია, რას ისაუბრებ და რას იტყვი,”_ ამბობს ნიკოლოზ მეტრეველი.
ექსპერტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ არის სახელმწიფო მოხელე, წარმოადგენს რიგით მოქალაქეს და გადაადგილებაში შეზღუდული არ არის. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და მხარდამჭერია, ამ ვიზიტის შესახებ პარტიასთან წინასწარი კომუნიკაცია არ ჰქონია.
„ცდილობენ ვიზიტი დააკავშირონ თითქოს „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული ვიზიტი იყო, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის. არავითარი კომუნიკაცია პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებთან არ მაქვს.“
პლატფორმის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირების გარდა, მეტრეველმა აღნიშნა, რომ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ მხარეებზეც, კერძოდ ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებებზე, რადგან რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია.















