ნიკოლოზ ყიფშიძე: ფსიქოტროპული წამლები ჰოლანდიელი ექიმის მიერ დანიშნული არ იყო ეს დაინიშნა რუსთავის ციხეში

პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საერთო სისუსტე აღენიშნება.

„არის გამოკვეთილი საერთო სისუსტე, ასევე არის ძალიან არასტაბილურ მდგომარეობაში, ვგულისხმობ იმას, რომ ეს ახასიათებს პოსტტრავმატულ სინდრომს და წამების შემდეგ მდგომარეობას, არ არის კარგად“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძის განმარტებით, იგეგმებოდა საძილე საშუალების დოზების გაზრდა, რაც მეტ სისუსტეს გამოიწვევდა.

„მე დღეს ველაპარაკე მის პირად ექიმს ჰოლანდიაში და გავარკვიე, რომ ის ღებულობდა მხოლოდ ორ წამალს, ეს არ არის ფსიქოტროპული წამლები, რომლებიც გამოიყენება ფართოდ საზღვარგარეთ და ჰოლანდიელი ექიმის მიერ დანიშნული არ იყო. ეს დაინიშნა რუსთავის ციხეში, სახელს არავინ იძახის. საძილე საშუალება იყო. შევწყვიტეთ პარასკევს და შაბათს პირველი სასამართლოს წინ. პარასკევს აღარ მიიღო. დოზების გაზრდა იგეგმებოდა, 10-ჯერ მეტი იყო. ეს მაღალი დოზა არ არის, მაგრამ საშუალოზე მეტია და გამოიწვევდა უფრო სისუსტეს.

ხუთშაბათს და პარასკევს მე აქ ვიყავი დიდხანს და მაშინ გავდიოდით, როგორ წარდგებოდა სასამართლოს წინაშე. მე არ მეგონა, თუ ის შეძლებდა პროცესზე ერთ საათზე მეტ ხანს გამოსვლას. ვფიქრობდით 30 წუთს. იმასაც ვფიქრობდით, შეძლებდა თუ არა მისვლას, გრძელი გასასვლელი ყოფილა და თუ შეძლებდა კორიდორის გავლას“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ყიფშიძის განმარტებით, ზემოთ ხსენებულ წამალს თუ მიიღებდა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე წასვლას ვერ შეძლებდა.

ნიკოლოზ ყიფშიძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო კონსილიუმის წარმომადგენლებს ეს წამლები არ დაუნიშნავთ.

„მათ არ დაუნიშნავთ ეს წამლები, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოუმატეს დოზა და მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ დანიშნა, მკურნალმა ექიმმა არ დანიშნა, ეს დანიშნა ფსიქიატრმა აქ“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

რაც შეეხება კითხვას, უახლოეს მომავალში თუ იგეგმება რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა, – ყიფშიძის თქმით, ამას არც ერთი ექიმი ხელს არ მოაწერს.

„ეს შეუძლებელია, არც ერთი ექიმი ამას ხელს არ მოაწერს. მე ასეთ ექიმს არ ვიცნობ არც საქართველოში და არც მსოფლიოში…პატარა ოთახი აქვს 3-მეტრიანი და დადის იმ ოთახში, უმეტესად ზის“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

წინა სტატიაშითაზო ფაცაცია: „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ქმედებებით ამტკიცებს, რომ სურს ზუგდიდის განვითარების შეფერხება“
შემდეგი სტატიაგანახლებული რეგიონები- ფასადური სამუშაოები თუ რეალური სიახლე