ნიკოლოზ ყიფშიძე: პრეზიდენტი უარს აცხადებს აქ მკურნალობაზე, პრობლემები აქვს წნევასთან მაღალი წნევა ჰქონდა

პრეზიდენტის მდგომარეობა დღეს იყო უარესი, ვიდრე გუშინ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილთან გავატარე რამდენიმე საათი, რადგან ერთ-ერთი მაჩვენებელი, კალიუმი იყო ძალიან დაბალი, კრიტიკულ დონეზე. შევძელით მისი აწევა სხვადასხვა საშუალებებით, მაგრამ ეს მოხდა გადასხმის გარეშე. წესით, ამას ვაკეთებთ გადასხმის საშუალებით, მაგრამ იმის გამო, რომ პრეზიდენტი უარს აცხადებს აქ მკურნალობაზე, მოგვიხდა ტაბლეტირებული ფორმების გამოყენება. ასევე პრობლემები აქვს წნევასთან. მაღალი წნევა ჰქონდა. დაგვჭირდა კიდევ საკმაო ხანი, რომ ეს წნევა მოგვეყვანა ნორმაში“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სხეულზე დაზიანებებს, როგორც ექიმი აცხადებს, საჭიროა დამატებითი გამოკვლევები.

„საყურადღებოა მისი დაზიანებები, მაგრამ ამას სპეციალური კომისია განიხილავს. მე არ ვარ ამის სპეციალისტი. იქაც არის საჭირო დამატებითი კვლევები. უნდა ინახოს კანქვეშა ჰემატომები, დაბეჟილობები და ა.შ.

რომ შევაჯამოთ, ჩემთვის, როგორც მკურნალი ექიმისთვის, არაფერი არ შეცვლილა. როგორც მოგეხსენებათ, სტრასბურგმა შვიდ საათში გადაწყვეტა თავისი გადაწყვეტილება. რადგან იმათმა იგრძნეს, რომ ეს სასწრაფოა. ჩემთვის დღეს არაფერი არ მოხდა. ზუსტად იქ ვართ, სადაც ვიყავით დილას. ავადმყოფი არის ამ დაწესებულებაში, მკურნალობას არ ღებულობს და არაფერი არ ხდება. ესე გაგრძელება შეუძლებელია. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, შეხვდეს ექიმებს, კონსილიუმს, ალტერნატიული კომისიის წევრებს, ძველ კონსილიუმს და გადაწყვიტონ, ან იქით, ან აქეთ, რას ვუშვებით პრეზიდენტს, გადაგვყავს მაღალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში, თუ არა. ასე გაგრძელება შეუძლებელია.

იმ კონსილიუმზე დასამატებელია რამდენიმე ადამიანი, ქირურგი, გასტროენტეროლოგი და ა.შ. ვთქვათ, შევწყვიტეთ ეს შიმშილობა, გადავიყვანეთ საავადმყოფოში, მისი მკურნალობა არის ურთულესი პროცესი. ჩვენ შეიძლება, დაგვჭირდეს საზღვარგარეთის სპეციალისტების ჩამოყვანა, რომ პრეზიდენტმა დაიწყოს ნელ-ნელა ჭამა. ეს არ არის ადვილი. მას ჰქონდა ტკივილი მუცლის არეში. ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს მილიონი სხვადასხვა რამის გამო, ამიტომ გვჭირდება ქირურგი. შეიძლება, მის მდგომარეობაში იყოს სისხლის დენა კუჭიდან და ა.შ“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

banner
წინა სტატიაშიკრამონი სააკაშვილის კადრებზე: შეძრწუნებული ვარ მოპყრობით, ვიდეოს გავრცელება სავალალოა
შემდეგი სტატიაქეთი დოლიძე: ამერიკამ გუანტამოს მიხედოს!