ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში სპორტსმენების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ხშირად აწყდებოდა კომენტარებს, თითქოს მისი წაგებული მატჩები გაყიდული იყო.
ბასილაშვილის თქმით, მსგავსი ბრალდებები განსაკუთრებით მტკივნეული იყო მაშინ, როდესაც მათ ქართველი გულშემატკივრებისგან ისმენდა. სპორტსმენი აღნიშნავს, რომ ამჯერად გაოცებული დარჩა, როდესაც ანალოგიური კომენტარები ქართველი მებრძოლის, ილია თოფურია მიმართაც იხილა.
„ამ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთხელ მაქვს კომენტარი გაკეთებული. ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ ბევრი მწერდა და ახლაც მწერს, რომ თამაში გაყიდული იყო. ადრე ეს თემა ყოველთვის გულთან ახლოს მიმქონდა და ძალიან განვიცდიდი, მით უმეტეს, როცა ამას ქართველი მეუბნებოდა. დღეს კი გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართაც იგივე კომენტარები ვნახე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩემთვის ფსონებზე მოტივირებული გულშემატკივრობა ნულის ტოლფასია“,- დაწერა ბასილაშვილმა.
ჩოგბურთელის განცხადება სოციალურ ქსელში აქტიური განხილვის საგანი გახდა. სპორტსმენმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სპორტსმენების მისამართით უსაფუძვლო ბრალდებები ხშირად სწორედ ფსონებთან დაკავშირებული იმედგაცრუების ფონზე ჩნდება.















