„ენგურჰესი დაზიანებული არ არის და მის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება“ – შპს „ენგური ატრაქციის“ დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ ყალბ ცნობებს.
სოციალურ ქსელებში უკვე რამდენიმე კვირაა ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ენგურჰესი დაზიანებულია და მისი დანგრევის საფრთხე არსებობს. პარალელურად აქტიურად ზიარდება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი ვიდეოებიც, რომლებიც საზოგადოებას შეცდომაში შეჰყავს და რეალობას არ ასახავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბოლო დღეებში არაერთი ზარი და შეტყობინება შემოვიდა, რის გამოც შპს „ენგური ატრაქციის“ დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს, გავრცელებული ინფორმაციის შეფასება ვთხოვეთ.
„არ ვიცი, რაზე დაყრდნობით ვრცელდება მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება და სრულიად უსაფუძვლოა. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ ენგურჰესზე და დაზიანებაზე საუბარი ზედმეტია. პირიქით, აქ ჩამოსული ვიზიტორები აღფრთოვანებას ვერ მალავენ ამ გრანდიოზული საინჟინრო ნაგებობის ხილვისას.
ენგურჰესი მსოფლიო დონის უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა. მისი პროექტი, კონსტრუქცია და მშენებლობის მეთოდოლოგია დღემდე საერთაშორისო საინჟინრო პრაქტიკის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მიიჩნევა. მსოფლიოში, როდესაც დიდი თაღოვანი კაშხლები შენდება, ენგურჰესის გამოცდილება და საინჟინრო გადაწყვეტილებები დღემდე გამოიყენება როგორც ეტალონი და ასახულია სპეციალიზებულ სახელმძღვანელოებშიც.
რაიმე საფრთხეზე საუბრის საფუძველი არ არსებობს. ეს არის უნიკალური ნაგებობა, რომელიც გამოირჩევა როგორც თავისი მასშტაბითა და სიმძლავრით, ისე უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. ენგურჰესი საქართველოს საამაყო საინჟინრო მემკვიდრეობაა და მსოფლიო მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს.
მოვუწოდებ ყველას, ნუ დაუჯერებენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჭორებსა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ყალბ ვიდეოებს. თუ ვინმეს კითხვები აქვს, უმჯობესია თავად მოინახულოს ენგურჰესი და საკუთარი თვალით ნახოს ეს მსოფლიო დონის საინჟინრო საოცრება“, – განაცხადა „თაიმერთან“ საუბარში შპს „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ.
ავტორი: ბერდია კალანდია















