ნიკოლ ფაშინიანი: ბატონ ღარიბაშვილს ერთხელ კიდევ მადლობას მოვახსენებ ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის

ბატონ ღარიბაშვილს ერთხელ კიდევ მადლობას მოვახსენებ ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა

როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, იმ დღეებში ჩამოყალიბებული ატმოსფერო ძალიან კარგი საფუძველია, რომ ორი ქვეყნისა და მთავრობის ურთიერთობები უფრო შედეგიანი იყოს.

„ღრმად პატივცემულო ბატონო პრემიერ-მინისტრო! უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა მოგახსენოთ თბილი მიღებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს ერთმანეთთან საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. მე ხაზი უნდა გავუსვა, უნდა გავაგრძელო ბატონ ღარიბაშვილის გამოთქმული აზრი. დღევანდელი ჩვენი განხილვების, ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი მივუძღვენით ჩვენი რეგიონის მშვიდობიანი განვითარების, ერის გახსნის დღის წესრიგს. რის შესახებაც მე და ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩვენ ხალხს ვესაუბრეთ ბოლო პერიოდში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და უამრავი საშიშროება. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ და ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც არსებობს. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც ჩვენთვის უფრო შესაძლებელს და ხელმისაწვდომს გახდის რისკების მართვას.

ბატონ ღარიბაშვილს ერთხელ კიდევ მადლობას მოვახსენებ ივნისში 15 სომეხი ტყვის დაბრუნებაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ხუმრობით ვამბობს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მე უფრო საქართველოს პრემიერთან მქონდა კონტაქტი, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენს ამომრჩეველთან. ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პირადი ურთიერთობის ახალი დონის ჩამოყალიბება და იმ დღეებში ჩამოყალიბებული ატმოსფერო ძალიან კარგი საფუძველია, რომ ჩვენი ქვეყნებისა და მთავრობის ურთიერთობები უფრო შედეგიანი იყოს.

ჩვენ შევთანხმდით, რომ ახლო მომავალში სომხეთში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ისევ გავააქტიურებთ მთავრობათაშორისი კომისიის სამუშაოს. ადრეც და ახლაც ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ჩვენი ურთიერთობების მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა თავისი აზრი და თავდადებულობა გამოხატონ დემოკრატიული ღირებულებებისადმი. მე ბატონ ღარიბაშვილს წარვუდგინე ჩვენი მთავრობის პროგრამაში გაჩენილი რეგიონული თემებისა და გადაწყვეტების შესახებ წინადადებები და ის წარმოდგენები, რაც გვაქვს და რის შესახებაც ჩვენ განვაცხადეთ. აქ ახალი შესაძლებლობებია, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში გახარიას პარტია მაჟორიტარობის კანდიდატმა დატოვა
შემდეგი სტატიაცესკოს ხელმძღვანელობამ NDI-ის ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა