ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით დაიწყეს სამართალდამცავების მიმართ ძალადობა – გულუაშვილი

ნიკანორმელიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით, დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ, პერიმეტრზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა – აცხადებს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი ამირან გულუაშვილი. მისი განცხადებით, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა, სამართალდამცავების მიმართ ძალადობა ნიკა მელიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით 20 ივნისს, 21:50 საათის შემდეგ დაიწყეს, 21:50 საათამდე მიტინგი ატარებდა მშვიდობიან ხასიათს.

„დაახლოებით 21:00 საათზე მიტინგის მონაწილეებს მიმართა პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ და განაცხადა, რომ თუ ერთ საათში არ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნები, ყველას ერთად უნდა გადაენაცვლათ უშუალოდ პარლამენტის შენობაში. ვინაიდან ხსენებული მოთხოვნა არ შესრულდა, პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით, მიტინგზე შეკრებილმა მოქალაქეების ნაწილმა, ნიკანორმელიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით, დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ, პერიმეტრზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, იარაღად სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, ასევე სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. ზემოაღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა, ასევე პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის მიზნით იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პროკურორმა განმარტა, რომ არსებობს როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები, რომ დეპუტატს პატიმრობა შეეფარდოს.

„აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გამოიყენება იმ დროს, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, ხელს შეუშლის მართლმსაჯულებასა და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას. ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთებისას ბრალდების მხარე მხედველობაში იღებს არამხოლოდ ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობას, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და სასამართლოს პრაქტიკით დადგენილ სტანდარტებს“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „ნაძალადევში“ ვაგონში ძლიერი დაკვამლიანების გამო მოძრაობა შეჩერდა – ერთმა ახალგაზრდამ გონება დაკარგა
შემდეგი სტატიანიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს