ნიკა სიმონიშვილი – თამარ ჟვანიას გადადგომით არაფერი შეიცვლება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიას გადადგომით საარჩევნო გარემო არც გაჯანსაღდება და არც გაუარესდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიმონიშვილმა განუცხადა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სისტემური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რაც საზოგადოებაში არჩევნების მიმართ ნდობას გააჩენს.

„ცალკე აღებულ ერთ წევრში პრობლემა არ იყო და ცალკე აღებულ თამარ ჟვანიაში ჩვენ პრობლემის ძებნა არ უნდა დაგვეწყო. თამარ ჟვანიას გადადგომა მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ შემდგომ არჩევნებთან მიმართებით ნდობის პრობლემა არ გაჩენილიყო. აქედან გამომდინარე, ეს გადადგომა გზას გვიხსნის იმისთვის, რომ ავირჩიოთ ახალი თავმჯდომარე, რომელთან მიმართებითაც კითხვები ნაკლები იქნება. ჩვენი პოზიცია თავიდანვე ის იყო, რომ თუ ცვლილებები მოხდებოდა, ეს ცვლილებები სისტემური უნდა ყოფილიყო. ცალკე აღებული ერთი წევრის გადადგომით პრობლემა არ გადაწყდებოდა. სისტემურ ცვლილებებს უნდა მოეტანა ნდობა. ცესკოს თავმჯდომარის დადგომის შემდეგ ახლა მნიშვნელოვანია პარლამენტმა იზრუნოს, რომ დანიშნოს ისეთი თავმჯდომარე, რომლის დამოუკიდებლობასთან მიმართებითაც კითხვები ნაკლები იქნება.

ცალკე აღებული თამარ ჟვანიას გადადგომით არაფერი შეიცვლება, ამით საარჩევნო გარემო არც გაჯანსაღდება და არც გაუარესდება. ერთი წევრის გადადგომით კოლეგიურ ორგანოში მდგომარეობა არ იცვლება. სისტემური ცვლილებებით უნდა მივიდეთ იქამდე, რომ ნდობა იყოს მაღალი. ერთი წევრის, თამარ ჟვანიას გადადგომით უბრალოდ ახალი თავმჯდომარე ეყოლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ეს ნაბიჯი იქნება კარგი იმისთვის, რომ ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, ახალი თავმჯდომარის დანიშვნით, უფრო მეტად გაიზარდოს“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფალავანდიშვილი – ვითხოვთ „პრაიდის“ გაუქმებას, ასევე კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის გაძევებას
შემდეგი სტატიაბათუმის რესპუბლიკური ხვალიდან მუშაობას გააგრძელებს