ნიკა სამხარაძე : ვადამდელი არჩევნები არ იქნება განხილვის საკითხი, მაგრამ შეთანხმება შეიძლება ბევრ სხვა საკითხზე

“ქართული ოცნების” წევრი ნიკა სამხარაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდი წარმატებით ჩაივლის და მხარეები პოზიციების დაახლოებას შეძლებენ.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების თემა არ განიხილება, თუმცა, შესაძლოა, შეთანხმება მოხდეს სხვა ბევრი მიმართულებით – მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის კუთხით.

“მე არ შემიძლია, გადაჭრით ვთქვა,რომ ეს იქნება ბოლო რაუნდი, რომელზეც კონსენსუსი მოხდება, თუმცა, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ რაუნდზე პოზიციები დაახლოვდება და ეს იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი კომპრომისისკენ.

ოპოზიციის მოთხოვნებიდან ერთადერთი, რაც დამამახსოვრდა, ეს არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება, რაც ასე ვთქვათ, ულტიმატუმის სახით გაჟღერდა და მე არ მგონია, რომ მოლაპარაკებებზე ულტიმატუმით წასვლა იყოს სწორი და ადეკვატური პოზიცია. ამიტომ, ვადამდელი არჩევნები არ იქნება განხილვის საკითხი, მაგრამ არის სხვა საკითხები, მათ, შორის, დარღვევები, რომელიც კანონმდებლობისგან შეიძლება გამომდინარეობდეს. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ბევრ ამ საკითხზე, შევთანხმდეთ ამ საკითხებზე და შემდეგ პარლამენტში გავაფორმოთ, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის საკითხები. ძალიან ბევრი თემაა, რაზეც შეიძლება მოლაპარაკებაც და კონსენსუსის მიღწევაც,”-განაცხადა ნიკა სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში სოფელ ჯიხაშკარის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშა დაშავდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძის განცხადებით, „ევროპულ საქართველოს, „გირჩს”, „სტრატეგია აღმაშენებელსა” და „ლელოს” შორის შესაძლო თანამშრომლობაზე მოლაპარაკებების დაწყება, მისასალმებელია