ნიკა რურუა მთაწმინდაზე „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

ვინ აძლევს ბატონ აბაშიძეს ამ დავალებას?–ნიკა რურუაკულუარებში საარჩევნო ბარიერის გადალახვას ოთხ პარტიას უწინასწარმეტყველებენ

 

მიუხედავად იმისა, რომ წელს, საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე უპრეცედენტოდ ადრე დაიწყო, პოლიტიკური პარტიების მხრიდან საარჩევნო სამზადისი მაინცდამაინც თვალშისაცემი არ არის, ანუ ისინი არც სარეკლამო აქტივობით გამოირჩევიან და, ამასთან, თუ დავაკვირდებით, არც პროპორციული და მაჟორიტარული სიის წარდგენას ჩქარობენ. ამ მხრივ გამონაკლისი მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ოცნებაა“ – ამ ორივე ძალამ საზოგადოებას რამდენიმე ე. წ. ახალი სახე კი წარუდგინა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ეს სახეები, ერთმანეთის მიყოლებით, ვთქვათ, სიის ათეულში იქნებიან თუ სხვა პრინციპით გადანაწილდებიან.

ყოველივე აქედან გამომდინარე, „თაიმერის“ პოლიტანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პარტიებს „ადამიანური რესურსის“ პრობლემა აქვთ, ანუ ისეთ ხალხს ვერ პოულობენ, ვინც ამომრჩევლისთვის მისაღები იქნება.

„შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და გითხრათ, რომ პოლიტიკურ ბაზარზე შიმშილია, – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი ერთ-ერთი წყარო, რომელსაც თითქმის ყველა პოლიტიკურ ძალასთან აქვს შეხება და, შესაბამისად, კულუარებშიც კარგად ერკვევა, – ბოლო დროს რაღაც მოდად იქცა, რომ პარტია აუცილებლად ახალ სახეს უნდა ეყრდნობოდეს, თან ამ ახალ სახეს რაღაც ცენზიც უნდა ჰქონდეს. მთავარი აქცენტი კი, რატომღაც უცხოეთში მიღებულ სწავლა-განათლებაზე კეთდება. ეს შეიძლება, კარგია, მაგრამ ადამიანს, ვინც უცხოეთში სწავლის ერთ-ორთვიანი კურსი კი არ გაიარა, არამედ, რეალური განათლება მიიღო, იმის „ბაგაჟიც“ ექნება, რომ თავისი პროფესიით თუნდაც უცხოეთშივე დასაქმდეს და გეკითხებით, ამ გადარეულ ქვეყანაში პოლიტიკურ სახედ რატომ ჩამოვა? ჰოდა, ამიტმაც ვამბობ, რომ პოლიტიკურ ბაზარზე შიმშილია-მეთქი,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ კერძო დიალოგის დროს ჩვენი წყარო.

ამასთან, ჩვენი ინფორმატორები ვარაუდობენ, რომ პარტიებს პროპორციულზე მეტად მაჟორიტარული სიების დაკომპლექტება უჭირთ, რადგან მაჟორიტარობის კანდიდატს კავშირი და შეხება უშუალოდ ხალხთან აქვს, ანუ მისი ბედი მოსახლეობაზეა დამოკიდებული და თუ პარტიულ სიაში „ხლამი“ გაიპარება, ასეთი „ხალტურა“ მაჟორიტარის შემთხვევაში, პრინციპში, გამორიცხულია.

„ამასაც თავი რომ დავანებოთ, მაჟორიტარობაზე პარტიებში შიდა კონკურენციაც არსებობს, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ ყველა პარტიაში არის პატარა-პატარა „კუტოკი“ და ყველა ასეთ „კუტოკს“ უნდა, რომ მაჟორიტარად თავისი ტიპი გაიყვანოს, რადგან ყველა ხვდება, რომ წელს, არჩევნებზე მთავარი დატვირთვა სწორედ მაჟორიტარებზე იქნება და ახალ პარლამენტში იგივე უმრავლესობაც მას ექნება, ვინც მეტ მაჟორიტარას გაიყვანს. ამიტომ, ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, სრული ორთაბრძოლაა გამოცხადებული,“ – უთხრა „თაიმერს“ ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც, ასევე, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მაჟორიტარულ სახედ შეიძლება, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა ვიხილოთ.

„არ ვიცი, შეიძლება, ბოლო წუთში რაღაც შეიცვალოს, მაგრამ ორი-სამი დღის წინ რურუას კანდიდატურა მთაწმინდის მაჟორიტარად აქტიურად განიხილებოდა,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო.

თუ „ნაციონალები“ ნიკა რურუას მაჟორიტარად მართლა დაასახელებენ, ამაში მოულოდნელი არაფერი იქნება, რადგან რურუა სააკაშვილის გუნდის სახე ადრეც იყო. მოგვიანებით, ანუ როცა ხელისუფლება შეიცვალა, ის საზოგადოება „ივერიის“ წევრი გახდა, რომლის შემადგენლობაშიც, უმეტესად, „ექსნაციონალები“ იყვნენ, თუმცა როგორც ამბობენ, ბოლო დროს „ივერიაში“ რაღაც უთანხმოება მოხდა და ამის ნიადაგზე მან ფუნქციონირება შეწყვიტა.

რაც შეეხება რურუას, მასზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ახალი სახეა. ამას გარდა, საზოგადოებაში მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს და ხალხის ნაწილი მუდმივად იმ დროს ახსენებს, როცა მას ურთიერთობა ჯაბა იოსელიანთან და, შესაბამისად, „მხედრიონთან“ ჰქონდა. ამ ფაქტორის გათვალისიწინებით, ალბათ, არჩევნების მოგება გაუჭირდება, თუმცა წინასწარ დასკვნების გამოტანა მაინც არ შეიძლება, რადგან არჩევნები, როგორც წესი, არაერთ სიუპრიზს გვთავაზობს ხოლმე.

მაგალითად, ალბათ, „ოცნებაც“ დარწმუნებული იყო, რომ კორცხელში, რომელიც ყბადაღებულ თემად იქცა, მისი კანდიდატი გაიმარჯვებდა, მაგრამ ცემა-ტყეპის მიუხედავად, ეს შუალედური არჩევნები მაინც „ნაციონალი“ კანდიდატის გამარჯვებით დამთავრდა.

ასე რომ, სიურპიზებისგან თავისუფალი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, არც 8 ოქტომბერი იქნება. მანამდე სიტუაციის დრამატიზებასაც ელოდებიან, თუმცა კულუარებში უკვე დაიწყო იმაზე ლაპარაკი, რომ ახალ პარლამენტში, მაქსიმუმ, ოთხი პოლიტკური ძალა იქნება წარმოდგენილი, თუმცა უმრავლესობის შექმნას ვერც „ოცნება“ ვერ მოახერხებს, ვერც – „ნაციონალური მოძრაობა“, ვერც – ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ და ვერც კიდევ – პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისათვის“.

ამიტომ, თუ ეს სცენარი გამართლდა, ივანიშვილის რწმენის მიუხედავად, კოალიციური პარლამენტი და, შესაბამისად, კოალიციური აღმასრულებელი ხელისუფლება გვექნება, რაც დემოკრატიის მხრივ, ალბათ, კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება.

ბერდია კალანდია

 

banner
წინა სტატიაშინიცას ტერაქტის შედეგად სომხეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მხარდაჭერას ვუცხადებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს