“ნიკა მელიასთან დაკავშირებით ვიდრე ყველა ინსტანცია არ ამოიწურება, პარლამენტმა გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს”

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია განმარტავს, რომ ვიდრე ნიკა მელიას საქმეზე მართლმსაჯულების ყველა ინსტანცია არ იქნება ამოწურული, პარლამენტმა მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, რადგან ვადებში არაფერი ირღვევა.

„რა უნდა გააკეთოს, პარლამენტმა? გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რეგლამენტსა და კანონს ვიწროდ წაიკითხავენ, მეორე ნაწილი შეეცდება, კონსტიტუციური ნორმები უფრო ფართოდ წაიკითხოს. ვისაც ფართოდ გახელილი თვალები აქვს მათ მოვუწოდებ, ვინც კანონს ვიწროდ კითხულობს, რჩევა მისცენ, არ იჩქარონ, რადგან პარლამენტს ვადები გაწერილი არ აქვს, რა ვადებში შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტოს.

კონსტიტუციური ნორმა ფართო განმარტებისაა და ამბობს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი საფუძველი არის, პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღოს, დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტოს. მაგრამ ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი პირველი ინსტანციისაა და მეორე და მესამე ინსტანციამ რომ შეცვალოს, საჭიროა, პარლამენტმა მართლმსაჯულებას დასრულება აცალოს. ვიდრე ყველა ინსტანცია არ არის ამოწურული, პარლამენტმა გადაწყვეტილება იქამდე არ უნდა მიიღოს, რადგან ვადებში არაფერი ირღვევა. პარლამენტმა მართლმსაჯულებას უნდა აცალოს და ისე არ უნდა მოხდეს, როგორც წინა შემთხვევაში, როცა იჩქარა, პროკურატურას დაკავების თანხმობა მისცა და სასამართლომ უარი თქვა. მაშინ, ეს ძალიან შეურაცხმყოფელი იყო პარლამენტისთვის, როგორც ინსტიტუტისთვის“, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიმცხეთის მერიასთან მოძრაობა “გაბედეს” რამდენიმე წევრი დააკავეს
შემდეგი სტატია“ოთხი კომპანიის მიერ წლების ნამუშევარი თქვენი სამი ბრიფინგით დაანგრიეთ”