ნიკა მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა თბილისის საკრებულოში

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 23, 2017 20:38

ნიკა მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, შევა თუ არა თბილისის საკრებულოში

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია, დატოვებს თუ არა პარლამენტს და შევა თუ არა თბილისის საკრებულოში. მელიამ  კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მას ამისთვის ორი კვირა აქვს. ცნობისთვის, მელია ენმ-ის პროპორციული სიის პირველი ნომერია. მერობის კანდიდატისას ზაალ უდუმაშვილის წარდგენისას მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, “გადავწყვიტე, ქვეყნის და ამ ქალაქის გადასარჩენად დავტოვო პარლამენტი და ვიბრძოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის. სწორედ აქედან უნდა ვებრძოლო ივანიშვილის ოლიგარქიულ წესწყობილებას”.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ენმ-ს თბილისის საკრებულოში ხუთი დეპუტატი შეჰყავს. სიის პირველ ნომერს ნიკა მელიას ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა პარლამენტს.

“საკმარისი დროა იმისთვის, რომ ჩემი განცხადება საკრებულოში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, თქვენ მოისმინოთ. ეს არ არის პირველხარისხოვანი საკითხი. გაქვთ დრო და მოისმენთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მე მივიღებ ჩემს მეგობრებთან ერთად უახლოეს დღეებში. ამისთვის თუ არ ვცდები, ორი კვირა მაქვს ჯერ. როდესაც მოვა დრო, რომ უნდა გავაკეთო განცხადება ჩემს მომდევნო პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ამ განცხადებას გავაკეთებ.

მე ვიქნები იქ, სადაც ყველაზე მეტ დისკომფორტს შევუქმნი ქართულ ოცნებას, მე ვიქნები იქ, სადაც ყველაზე მეტად ვთვლი, რომ ჩემს საქმიანობას მარგი ქმედების კოეფიციენტი ექნება მაღალი.

ამიტომ, იქნება ეს საკრებულო, პარლამენტი თუ მშვიდობიანი მანიფესტაცია, ფაქტია, რომ ჩვენ ვიქნებით საკრებულოშიც, ჩვენ ვიქნებით პარლამენტშიც და ჩვენ ვიქნებით ქუჩაშიც” – განაცხადა მელიამ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 23, 2017 20:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics