ნიკა მელიას განცხადებით, მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობა მას შემდეგ იძაბება, რაც ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, „დეპუტატი“ შეძლება გახდეს მხოლოდ ის, ვინც აფხაზური ენა იცის

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას შეფასებით,მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობა მას შემდეგ იძაბება, რაც ე.წ. აფხაზეთის პარლამენტმა საარჩევნო კანონში ცვლილებები შეიტანა და ამიერიდან „დეპუტატი“ შეიძლება გახდეს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც აფხაზური ენა იცის. მელიას თქმით, ამ ცვლილებებით, „დეპუტატი“ შეიძლება გახდეს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, რადგან სხვები, მით უმეტეს რუსები, აფხაზურ ენას ვერც და არც სწავლობენ.

მელიას განცხადებით, მოსკოვიდან აფხაზებს უთხრეს, რომ თუ ეს კანონი დაუყოვნებლივ არ გაუქმდებოდა, სერიოზულ სანქციებს ვერ ასცდებოდნენ, პასუხად კი აფხაზები რუსებს ეუბნებიან, რომ აფხაზეთში ყველა მაინც რუსულად ლაპარაკობს, ეს აფხაზური ენის გადასარჩენად გვჭირდებაო.

„ოღონდ ეს არგუმენტები მოსკოვისთვის დამაჯერებელი არ არის – ამ კანონში ისინი ხედავენ იმავე ტენდენციას, რასაც წლების განმავლობაში ხედავდნენ უკრაინაში, სადაც პარლამენტი იღებდა კანონებს, რომლითაც ზღუდავდა რუსულ ენას სახელმწიფო უწყებებში, რომ ხელი შეეწყო უკრაინული ენის დამკვიდრებისთვის ოფიციალურ დონეზე.

ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის: უკრაინული ენა სახელმწიფო უწყებებში მისთვის იმის მანიშნებელი იყო, რომ უკრაინული სახელმწიფო შენდებოდა და უკრაინული შინაარსი ექნებოდა იმ სახელმწიფოს.

ზუსტად ასევე, რუსებს ახლა ეჩვენებათ, რომ რადგან აფხაზეთში აფხაზური ენის პრიორიტეტი მკვიდრდება, აფხაზები „აფხაზური შინაარსის“ სახელმწიფოს აშენებენ და არა რუსულენოვან, რუსული შინაარსის სახელმწიფოს.

მაშინ მოსკოვში სვამენ კითხვას: თუკი ასეა, აფხაზური შინაარსის სახელმწიფო რუსეთის ბიუჯეტიდან რატომ უნდა ვაფინანსოთო? (აფხაზეთის ბიუჯეტი ხომ 100%-ით რუსეთზეა დამოკიდებული )

აფხაზები პასუხობენ: აბა რა, ვალდებული ხართ დაგვაფინანსოთ, რადგან აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზა დავაკანონეთ და ჩვენ რომ არა, ახლა ფსოუზე, საქართველოს გამო, საზღვარი NATO-სთან გექნებოდათო.

ერთი სიტყვით, უკრაინის გამო რუსეთი ახლა დასუსტდა, აფხაზებმა დრო იხელთეს და ცდილობენ თავიანთი სეპარატისტული სახელმწიფოს „აფხაზური შინაარსის“ საძირკველი ჩაყარონ – მოსკოვი ჩვენთვის ვერ მოიცლისო.

თუმცა კრემლმა მიანიშნა, რომ თუ ეს კანონი არ იქნება გაუქმებული, რუსეთი ფსოუს საზღვარს ჩაკეტავს. „მაშინ ჩვენ თურქეთისკენ გავიხედავთო“ – აშინებენ სოხუმიდან; და სად ვართ ამ დროს ჩვენ?! ჩვენ ამ დროს ჩვენი ხელისუფლების გამო ამ მხრივაც სრულ ვაკუუმში ვართ და ბოლოს, ერთი წუთით წარმოიდგინეთ საქართველო ევროკავშირის წევრად და ასეთ დროს აფხაზების ჩვენს მიმართ დამოკიდებულება. ის აუცილებლად დრამატულად შეიცვლება და ჩვენთან კვლავ თანაცხოვრების პრაგმატული სურვილი გაუჩნდებათ“,- წერს ნიკა მელია „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში „შავ სიაში“ 65 ფიზიკური პირი და 18 ორგანიზაცია დაამატა
შემდეგი სტატიალიეტუვა ომის დროს დაჭრილ უკრაინელ ჯარისკაცებს სამკურნალოდ მიიღებს – უკრაინული მედია