ნიკა მელიას ადვოკატი – სტრასბურგის სასამართლომ ხელისუფლებას 21 აპრილს გადმოეგზავნა კითხვები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის თქმით, მელიასთან დაკავშირებულ საქმეზე მათ მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

კონდახაშვილის თქმით, მათ სასარჩელო მოთხოვნაში აღნიშნული იყო, რომ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული იყო უკანონო პატიმრობა და მასთან მიმართებით სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მიზნებით გამოიყენეს, ანუ, ადვოკატის თქმით, დაირღვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მე-18 და მე-5 მუხლები.

„ნიკა მელიას დაკავებიდან რამდენიმე დღეში მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოს და რეკორდულად მცირე ხანში მოხდა სარჩელის კომუნიცირება. ხელისუფლებას ჯერ კიდევ 21 აპრილს გადმოეგზავნა კითხვები, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლო პარალელს ავლებს ნიკა მელიას საქმესა და ალექსანდრე ნავალნის საქმესა და იულია ტიმოშენკოს საქმესთან მიმართებაში, კითხვებს სვამს, ხომ არ არის გამოყენებული ნიკა მელიასთან მიმართ პატიმრობა და სისხლის სამართლის საქმე სხვა მიზნებიდან გამომდინარე, რაც მე-18 მუხლის დარღვევის საფუძველს ქმნის.

პარალელის გავლება მსგავს რეზონანსულ საქმეებთან ნიშნავს, რომ იმდენად თვალშისაცემია და იმდენად ხელისგულზე დევს ნიკა მელიას მიმართ აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური მიზნებით სისხლის სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არის, რომ ადგილი ჰქონდა მე-18 მუხლის დარღვევას“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი კონდახაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომ ნიკა მელიამ სახელმწიფოს უჩივლა.

„ღიმილისმომგვრელია „ქართული ოცნების“ დღევანდელი განმარტებები იმასთან დაკავშირებით, როგორ გაბედა თურმე ნიკა მელიამ, რომ შეეტანა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რა თქმა უნდა, ფორმულირება არის „მელია სახელმწიფოს წინააღმდეგ“, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება უზურპირებული აქვს ამ ქვეყანაში. ინსტიტუციები არ მუშაობს ერთი ადამიანის ნებიდან გამომდინარე. რაც შეეხება სარჩელის სახელის ფორმულირებას, ეს მიღებული სტანდარტია, როდესაც სარჩელი შედის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასმართლოში, იქ მოპასუხე მხარე არის სახელმწიფო. სახელმწიფოა ვალდებული, რომ მოქალაქეებთან მიმართებაში არ მოხდეს ფუნდამენტური უფლებების დარღვევა“, – განაცხადა კონდახაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაერო-ს სპეციალური კოორდინატორი – დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი! ღაზაში ომის საფასური დამანგრეველია
შემდეგი სტატიამინაშვილი – უნდა გავაჟღეროთ პოლიტიკური ინიციატივები და მოვემზადოთ საპროტესტო ტალღისთვის