ნიკა მელია: ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას

“დღეს დამიკავშირდნენ მედიიდან კითხვებით ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ვინაიდან თავად ვ.მერაბიშვილს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მე მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრების გაზიარებით შემოვიფარგლები.

რასაც ვაკვირდები, ბოლო პერიოდია ბევრნი, ვინც ფეხქვეშ დაახლოებით ფიანდაზად ეფინებოდნენ ხელისუფლებაში მყოფ ვ. მერაბიშვილს, და ერთმანეთს ეცილებოდნენ მის ქება-დიდებაში, დღეს რაღაცნაირად თითქოს ერთმანეთს ეცილებიან იგივე ვ.მერაბიშვილის გაკიცხვასა ან ირიბ კრიტიკაში.

ვ. მერაბიშვილს არც ვიცნობდი, დაპატიმრებამდე ერთხელ მყავდა ნანახი და მხოლოდ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გავიცანი.

მის გაცნობამდე კი არაერთხელ ჩავსულვარ სამცხე-ჯავახეთში და კარგად ვიცი ხალხის, ამ რეგიონის ამომრჩევლის დამოკიდებულება ვ. მერაბიშვილისადმი.
სწორედ ეს ამომრჩეველი წყვეტს და გასცემს უფლებას ვინ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში და ვინ არა. არავის აქვს უფლება პოლიტიკაში ჩართვის უფლება ჩამოართვას მას, ვისაც ამ უფლებას აძლევს ამომრჩეველი.

ვ. მერაბიშვილმა თითქმის იმდენივე წელი გაატარა სამარტოვე საკანში, რამდენიც ხელისუფლებაში. ბევრს მასზე შეხედულება შეეცვალა, ბევრისთვის მისაღებია, ბევრისთვის კვლავაც მიუღებელი.

სწორედ ამისთვისაა არჩევნები და თუ ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს რომ კენჭი იყაროს სამცხე-ჯავახეთში, რეგიონში, რომელიც დღეს კლასიკური მაფიოზის ენძელ მკოიანის ხელშია და იარაღით ხელში დარბის აღმართ- დაღმართ, არა მგონია მისმა ამ გადაწყვეტილებამ ან ქვეყანა დააზიანოს, ან ოპოზიცია…

ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას, მე ასე ვფიქრობ, სხვა ალბათ სხვაგვარად. ამ ეტაპზე გადამწყვეტია, რას გადაწყვეტს თავად, რას გადაწყვეტს პარტია და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს ხალხი!”,-წერს ნიკა მელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საბჭომ ევროკავშირის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სამი მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა
შემდეგი სტატიაპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა