ნიკა მელია თბილისის საარჩევნო საზღვრებს უპრეცედენტო და წარმოუდგენელს უწოდებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია თბილისის საარჩევნო საზღვრებს უპრეცედენტო და წარმოუდგენელს უწოდებს. როგორც ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლები საარჩევნო დღეს დაიბნევიან.

“ხელისუფლებამ ცესკოსთან ერთად დაადგინა ახალი ფაქტობრივი საარჩევნო საზღვრები თბილისში, რაც არის უპრეცედენტო და წარმოუდგენელი. რეალურად რაიონები ერთმანეთში არია, აზილა, დაფლითა და მივიდა იმ კონდიციამდე, რომ ამომრჩევლები საარჩევნო დღეს დაიბნევიან. მაგალითად, გლდანის ნაწილი, დიდუბის ნაწილი, საბურთალოს ნაწილი და ჩუღურეთის ნაწილი ერთ საარჩევნო ოლქად აქცია. ერთი მაჟორიტარი, რომელიც კენჭს იყრის ამ საარჩევნო ოლქში, გამარჯვებული, ანგარიშვალდებული იქნება ოთხი რაიონის მოსახლეობასთან. ასევე ის ვალდებული იქნება 4 გამგეობასთან ითანამშრომლოს. ჩუღურეთის საზღვრები შეუერთეს ისნის საზღვრებს, თბილისს შემოურთეს მარტყოფი, სოფელი სააკაძე, ვაზიანის სამხედრო დასახლება. იმდენად მოინდომა ხელისუფლებმა მაქსიმალურად თავისთვის მოერგო წინასაარჩევნოდ ეს უბნები, რომ აიბლარდნენ. დღეს გვაქვს რეალურად ის ვითარება, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ სერიოზულად დგას რამდენად შევძლებთ არჩევნების ჩატარებას”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებას არჩევნებში მარცხის შიშმა აიძულა. ნიკა მელიამ ასევე განაცხადა, რომ ხვალ პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო საზღვრებთან დაკავშირებით ცესკოში შეხვედრას გამართავენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება
შემდეგი სტატიანაჯიმ ლახროუის ფოტოები ბელგიის პოლიციამ ჯერ კიდევ ბრიუსელის ტერაქტებამდე გაავრცელა