ნიკა მელია: საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით და გამადიდებელი შუშით აკვირდება

როგორც მოიქცევა ბიძინა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქციაც ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებისგან იქნება ადეკვატური და სრულად შესაბამისი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ სასტუმრო „რუმსში” ამერიკის სენატის და საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, შეხვედრაზე ყველა აქტუალურ, მნიშვნელოვან თემაზე იყო დეტალური საუბარი.

„სამწუხაროდ მოკლებული ვარ შესაძლებლობას, დეტალებზე გესაუბროთ, ვინაიდან შეხვედრის ფორმატი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ეს იყო დახურული შეხვედრა, მათ შორის მედიისთვისაც. ყველა აქტუალურ, მნიშვნელოვან თემაზე იყო დეტალური საუბარი, როგორც 30 ოქტომბერს გასამართ არჩევნებზე, ასევე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, იმ ძალადობაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. ვხედავთ, რომ პატიმარს უწყობს აქციას „ქართული ოცნება“, მათ მიერაა ორგანიზებული, სუს-თან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანებით, სახელით და გვარებით იცნობს საზოგადოება. ამდენადაც, მორალური კოლაფსი განიცადა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც აქციას უწყობენ. ასეთი რამ თუ გინახავთ ან გაგიგიათ, არ ვიცი. არც გაგიგიათ, არც გსმენიათ მსგავსი სისაძაგლე. „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა გაიაზროს მოცემულობა, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით და გამადიდებელი შუშით აკვირდება მათ ყოველ ნაბიჯს და როგორც მოიქცევა ივანიშვილი 30 ოქტომბერს, რეაქცია ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იქნება შესაბამისი და ადეკვატური. აპირებს ბიძინა იძალადოს? ეს მას ძალიან ძვირ ფასად დაუჯდება. სურვილი მაქვს, გესაუბროთ ბევრ დეტალზე, რომელზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით შეხვედრისას, მაგრამ მოკლებული ვარ შესაძლებლობას“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთან და ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან მიმდინარე საკითხზე
შემდეგი სტატიაპოლიციამ ივანიშვილის შუშის სასახლესთან აქტივისტების დაკავება დაიწყო