ნიკა მელია – „ქართული ოცნება“ ჩამონგრეულია და განტევების ვაცებს ეძებენ

რამე თუ გამაკვირვებდა საერთოდ „ქართული ოცნებისგან“, აღარ მეგონა. ადამიანი აგინებს „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და პასუხს სთხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთავის პროკურატურასთან განაცხადა, სადაც აზერ სულეიმანოვთან ერთად მივიდა.

„ასეთი სისულელე ვის თავში დაიბადა. ექვსი წელია ხელისუფლებაში არიან. ყველაფერს ესენი მართავენ და ყოველთვის ცდილობენ, დააბრალონ სხვას. ბატონი აბაზოვი, მერი, უახლოესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილის, ივანიშვილის კარზე მყოფი ადამიანია. დიახაც მას შემდეგ, რაც გაეხვნენ სკანდალში და მიხვდნენ, რომ ეს არის უდიდესი სკანდალი და ამაზე მოეთხოვება პასუხი არამარტო ადგილობრივ დონეზე, რა თქმა უნდა, ამას სუს-ის შესაბამისი სამსახურის გარეშე ვერ გააკეთებდნენ. მარტივ მიზანს ემსახურება, რომ ვერავინ გაბედოს, მათ შორის მარნეულში ბიძინა ივანიშვილის გინება“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, აზერ სულეიმანოვი დაზარალებულ ელჩინ ალახვერდიევს ჩაიხანაში შეხვდა და მხოლოდ კითხვა დაუსვა, რატომ საუბრობდა პარტიის სახელით.

„მარნეულში ყველა ყველას იცნობს და ერთადერთი კითხვა დაუსვა ადამიანმა, რატომ საუბრობს პარტიის სახელით, თან განსაკუთრებით იმ აქციაზე, რომელიც არ იყო პარტიული. ჩაიხანა, ახლა რომ გახვიდეთ, ნახევარი მარნეული ზის იქ, სადაც ეს შეხვედრაა. ერთადერთი მიზანი, როგორც სულეიმანოვი საუბრობს, ემსახურებოდა, თუ რატომ საუბრობდა პარტიის სახელით“, – აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ჩამონგრეულია და განტევების ვაცებს ეძებენ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულში მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ.

banner
წინა სტატიაში,,13 ივნისი, თბილისისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი განსაცდელისა და ტკივილის დღე იყო”
შემდეგი სტატიაადა მარშანია – როგორ ვენდო კომისიას, სადაც უმრავლესობაში ნაციონალური, კრიმინალური მოძრაობის წევრები არიან