ნიკა მელია – პირველი პრეცედენტია ალბათ მთელ მსოფლიოში, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ სასამართლოში მისი ფიზიკურად მიყვანის გარეშე, სააკაშვილი იქნება ჯანმრთელი და მალე თავისუფალი

პირველი პრეცედენტია ალბათ მთელ მსოფლიოში, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ სასამართლოში მისი ფიზიკურად მიყვანის გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი იცოცხლებს და მალე გათავისუფლდება.

„პირველი პრეცედენტია ალბათ მთელ მსოფლიოში, როდესაც პრეზიდენტს ასამართლებენ მისი ფიზიკურად სასამართლოში მიყვანის გარეშე. პირველი პრეცედენტია მსოფლიოში, როდესაც პატიმარს, პოლიტიკურ პატიმარს თავი დავანებოთ, პატიმარს არ ეძლევა შესაძლებლობა ზარის განხორციელებისა, რამდენი ხანია, პირველი პრეცედენტია ალბათ, როდესაც დატყვევებული ჰყავთ პრეზიდენტი და მოტყუებით გადაჰყავთ იმ ციხეში, სადაც მძიმე დამნაშავეები იხდიან სასჯელს. თანაც როგორ და როდის, როდესაც შვილები და დედა ელოდებიან მას პაემანზე მისულები ციხეში და ეს ხდებოდა რუსთავში. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი იცოცხლებს, იქნება ცოცხალი და ჯანმრთელი, მალე თავისუფალი. დღესაც გამოჩნდა, რამდენად ეშინიათ თავისუფლების იდეის და მიხეილ სააკაშვილი არის ბრძოლის სიმბოლო, სიმბოლო იმ დაპირისპირებისა, რომელიც განგებ გააჩაღა „ქართულმა ოცნებამ“. ეს ბრძოლა რას გულისხმობს, ბრძოლა ცივილიზაციასა და ჩრდილოეთს შორის, ბრძოლა უსამართლობასა და სამართლიანობას შორის. აქ თავი დავანებოთ ვიწროპარტიულ ინტერესს, მომავლისა და წარსულის დაპირისპირება არის და ყველანი, საღად მოაზროვნე ადამიანები ვდგავართ მომავლის სასარგებლო მხარეს, ამიტომ, რაც არ უნდა დაკავებული იყოთ პატიმრების მკვლელობის მცდელობით, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის, ხელს ვერ აგვაღებინებთ ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის ბრძოლაზე, უნდა შეეგუოთ. იმასაც უნდა შევეგუოთ, რომ ბრძოლა ყოველდღიური იქნება, ყოველსაათობრივი. დიდი ისტორიული გამარჯვებები ისტორიულადაც არ მოსულა დიდი ძალისხმევის გაღების გარეშე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, თავს სწირავენ მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია, უამრავი სხვა ადამიანი და უფლება არ აქვთ მოქალაქეებს, ყოველდღიურ რეჟიმში არ გააქტიურდნენ.

„ჩვენ ვხედავთ, როგორ წირავენ თავს მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია და უამრავი სხვა ადამიანი, ამიტომ, მხოლოდ ამ ორი ადამიანის შემყურე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, კიდევ უფრო აქტიურები, პროაქტიურები არ ვიყოთ ყოველდღიურ რეჟიმში. ბიძინა ივანიშვილო, ღარიბაშვილო, კალაძე და სხვებო, დამარცხებას რაც მალე აღიარებთ, მით უფრო კარგი იქნება მათ შორის თქვენთვის, რადგან თქვენც უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში, მაგრამ ასე თუ გააგრძელებთ თქვენს საკუთარ საქმიანობას, ბუნებრივია, მოგიწევთ პასუხის აღება ამ ყველაფერზე.

დღევანდელი დღე შეუმჩნეველი არ დარჩება საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. მერწმუნეთ, უკვე ატყობენ და ძალიან ყურადღებით აკვირდებიან პროცესს, რამდენად კონსტრუქციულად, მტკიცედ იქცევა ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და როგორ ველურობას აქვს ადგილი რეჟიმის მხრიდან. დღითიდღე თქვენ ხედავთ საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეაგირება სულ უფრო და უფრო მზარდია და ადგილობრივი საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების სიფხიზლე და აქტიურობა მიაღწევს იმ შედეგს, რისთვისაც უკვე წლებია, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი იბრძვის და სულ უფრო იკრებს ეს მოძრაობა ძალას, გაათავისუფლოს სახელმწიფო ოლიგარქიული რეჟიმისგან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კითხვაზე, რას ფიქრობს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინაში, ვლადიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების მიზნით ბუბა კიკაბიძე გაემგზავრა, ნიკა მელია აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

„ინფორმაცია არ მაქვს. ერთი რამ ვიცი, მიხეილ სააკაშვილს არაფერი შესაწყალებელი ჯერ ერთი არ აქვს. სააკაშვილი თავს სწირავს ამ ქვეყნის მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის და დიახ, დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, გაჯანსაღებისთვის. ცალკეული ჩვენი მეგობარი რომელ ქვეყანაში რა საქმიან შეხვედრას გამართავს, ბუნებრივია, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.

სხვათა შორის, ძალიან სიმბოლურია. ყველა ის ხელისუფლება, ვისაც უძალადია რიგით მოქალაქეზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე, აქ მინდა, გამოვყო მურმან დუმბაძე – იმ ხელისუფლებას ძალიან ცუდად დაუსრულებია საკუთარი არსებობა ხელისუფლების რანგში. დიახ, მურმან დუმბაძე ახლა ზაჰესის იზოლატორში სხვებთან ერთად არ უნდა იყოს. მარნეულის, ხაშურისა და მცხეთის იზოლატორებში ხალხი უმიზეზოდ, მათ შორის დეპუტატები დაკავებული არ უნდა ჰყავდეს და როდესაც ასეთი რაღაცები ხდება ქვეყანაში, როდესაც მსგავს ფაქტებს აქვს ადგილი, ეს რეჟიმი დიდხანს ვეღარ ძლებს. რეჟიმი გადასულია მხოლოდ მუსკულების თამაშზე, რადგან აცნობიერებენ, რომ მათ სიტყვას ძალა არ აქვს და მათ ტყუილსაც უკვე მოჭიდება და პროპაგანდაც აღარ აქვს. ამიტომ სპეცნაზს, პროკურატურასაც და პოლიციასაც, რომლებიც დამნაშავეთა რიგებში ჩააგდეს, ამ ყველაფერსაც აქვს თავისი რესურსი, ისინი წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ ქართველი ხალხის ნებას, რომელიც გულისხმობს თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება არ ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას, რადგან მას 6-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს
შემდეგი სტატიაგიორგი ხარჩილავა: სააკაშვილის ხმა უფრო ძლიერია, ვიდრე სისტემის ხმა