ნიკა მელია – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტია უდრის ქვეყნის დასავლურ მომავალს

ჩვენ სწრაფი ტემპით ვშორდებით დასავლურ ღირებულებებსა და ფასეულობებს. საქართველოს ხელისუფლება ერთის მხრივ გვეუბნება, რომ მისი არჩევანია ევროატლანტიკური არჩევანი და მეორე მხრივ, პირდაპირ ეთერში კლავს პრეზიდენტ სააკაშვილს, რითაც განზრახ ძირს უთხრის იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელსაც ეფუძნება დასავლური ღირებულებები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, ის მიმართავს ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს, გადაიდგას მათი მხრიდან ძალიან აქტიური ნაბიჯები მთავრობასთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციით, რომ ერის ევროპული და დასავლური მისწრაფება არ დარჩეს მისწრაფებად და იქცეს რეალობად.

„ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ხორციელდება ბოროტი, წინასწარ განზრახული ქმედებები და იდგმება ნაბიჯები, რომელიც გულისხმობს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ეს ნაბიჯები არ ანადგურებს მხოლოდ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, არამედ ანადგურებს ქვეყნის დასავლურ, კეთილ, ნათელ მომავალს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე და ქვეყნის ევროპული და დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.

„მინდა, ვთხოვო საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ, რომ ქვეყანა არ ასცდეს იმ ფუნდამენტურად, ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან გეზს. ასე ინება განგებამ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი სიცოცხლე და ჩვენი ევროპული და დასავლური მომავალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. მოვისმინეთ არაერთი განცხადება უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, მოვისმინეთ მეუფე ნიკოლოზის განცხადება, ასევე ჩვენს საერთო მეგობარს ჰქონდა შესაძლებლობა, მოენახულებინა მიხეილ სააკაშვილი ოთხი დღის წინ, არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მხრივ. ის იბრძვის სიცოცხლისთვის, არც მეტი და არც ნაკლები. ამიტომ ჩვენ დრო იმისთვის, რომ ვუყუროთ, როგორ კვდება ნელი სიკვდილით მიხეილ სააკაშვილი, არ გვაქვს და ვერ გვექნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, „მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თვეების განმავლობაში დატყვევებულია, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტია უდრის ამ ქვეყნის დასავლურ მომავალს“.

„მინდა, იცოდეს ეს ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, მით უფრო იმ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყარო დგას სიკეთის მხარეს და ებრძვის ბოროტებას რუსეთის სახით, ამ დროს, ჩვენ კიდევ ერთ მტკიცებულებას ვიღებთ, მიუხედავად პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულებებისა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ თაკილობს და სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან ერთად აკეთებს ფულს. ჩვენ ვთხოვთ, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება აქტიურობა ჩვენი ქვეყნის ღირსების დასაცავად. იქ უნდა დავდგეთ ყველანი ერთად და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, ერთადერთი გამოსავალი, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს, არის მისი გადაყვანა ქვეყნის გარეთ არსებულ შესაბამის ჰოსპიტალში.

„ქალბატონ ზურაბიშვილსაც მივმართავ, ქალბატონო ზურაბიშვილო, თქვენ იცით, სულ მცირე ძალიან კონტრავერსიული ნაბიჯები გადადგით და შეიწყალეთ ადამიანები, მათ შორის პოლიციელების მკვლელები, რამაც ქარიშხლოვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. როდესაც ყველამ ვიცით, რომ კვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი განზრახ გადადგმული ნაბიჯებით, თქვენ გაქვთ შანსი, უზრუნველყოთ ქვეყნის სტაბილური, ევროატლანტიკური და ევროპული მომავალი ერთი ხელის მოსმით, ყველაზე იაფად შეფასებული და ღირებული კალმისტრით. თქვენ შეგიძლიათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა მოაგვაროთ. არ იქნება ამ ქვეყნის სტაბილური განვითარება, თუ თქვენი პრეზიდენტობის პირობებში, ჩვენ შორიდან დავაკვირდებით სააკაშვილის სიკვდილს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ძალიან მიკვირს, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინის მხარე არის მართალი მხარე და რუსული მხარე არის ბოროტების მხარე, ამავე დროს იცის, რომ ადამიანი არის პუტინის ტყვე და ჯიუტად აცხადებს, რომ არასოდეს შეიწყალებს.

მე იმედი მაქვს და მაქვს გარკვეული ინფორმაციაც, მხოლოდ იმედს არ ეფუძნება ჩემი მოსაზრებები, რომ საერთაშორისო მეგობრები ქმედით ნაბიჯს გადადგამენ, მაგრამ დრო არ ითმენს. არავის არ აქვს გარანტია იმისა, რომ სააკაშვილის ეს სავალალო მდგომარეობა არ გამოიწვევს ან ინსულტს, ან თრომბს. ახლა არის ერთობის დრო და არ არის ერთმანეთთან კრიჭაში ჩადგომის დრო. ჩვენ არ უნდა გავხდეთ ისტორიული უსამართლობის თანამონაწილენი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიშვედეთმა დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებისგან დაცვის შესახებ დაპირება მიიღო
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის