ნიკა მელია: მე მინდა, ბოდიში მოვუხადო გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ლიდერი ნიკა მელია ტვ მთავარის გადაცემაში “ღამის მთავარი” გიგა ოთხოზორიას ოჯახს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ წარმოუდგენია, რა განცდებში იქნებოდნენ გუშინ მიმდინარე მოვლენების დროს მოკლული გიგას ახლობლები და განსაკუთრებით, მამა, რომლის შვილის მკვლელმა ისე თავისუფლად გადაკვეთა ადმინისტრაციული საზღვარი, ვითომც აქ არაფერიო.

უკვირს ვინმეს, რომ ამ ტიპმა ფული წაიღო და წავიდა? კაცი მოგვიკლეს აგერ, ადმინისტრაციულ საზღვართან, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში და ვერაფერი გააკეთეს… მე მინდა, ბოდიში მოვუხადო გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს, მამამ თქვა, შვილი მომიკლა და ისე გაბრუნდა უკან, თითქოს არაფერი არ მომხდარაო… წარმოგიდგენიათ, რა განცდებში იქნებოდნენ, როცა მთელი ერი განვიცდიდით ბანკზე თავდასხმის საქმეს, როცა ეს ადამიანი შევარდა, ჯერ ისროლა, თითქოს “ბიჭია, ბიჭიაო!”, მერე მძევლად პოლიციის უფროსი აიყვანა, ფული წაიღო და წავიდა, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

ტერორიზმის ერთ-ერთი დანიშნულება ხომ ისიცაა, რომ უიმედობა და უსუსრობა დათესოს. იმის ნაცვლად, რომ საფრთხის განეიტრალებაზე ეზრუნათ, ხელისუფლებამ, უფრო სწორად, ივანიშვილის ჯგუფმა დაიწყო მძევალთა შორის ნაციონალების იდენტიფიცირება, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას ვარაუდით, თავდამსხმელმა ძალიან კარგად იცოდა ამ ხელისუფლების შესაძლებლობები და დარწმუნებული იყო, რომ ამ ბანკის დაყაჩაღებას წარმატებით დაასრულებდა. ენმ-ს ლიდერი ამბობს, რომ 31 ოქტომბერს ეს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, “თუნდაც ამისთვის ორი ან სამი პირბადის გაკეთება მოგვიწიოს”.

banner
წინა სტატიაშიევროსასამართლომ „უფლებები საქართველოს“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა
შემდეგი სტატიაგიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას ტოვებს