ნიკა მელია: კიდევ გადავურეკოთ-გადმოვურეკოთ, ვინც სახლებში ხართ, ხმამაღლა გააპროტესტეთ

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ შეკრებილებს კიდევ ერთხელ მიმართა და განაცხადა, რომ ძალიან ახლოს არიან როგორც თავისუფლების გამტკიცებასთან, ისე სრულად დაკარგვასთან. როგორც მელიამ აღნიშნა, გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებენ.

ამასთან, ნიკა მელიამ მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ ერთმანეთს შევახსენოთ, რა გამოწვევის წინაშე ვართ ჩვენ, ჩვენი შვილები, მშობლები და მომავალი. ხომ არ გვინდა, რომ ისევ სამზარეულოს დისიდენტებად ვიქცეთ, დემონსტრაციებს გვიკრძალავდნენ და სამზარეულოში ვაქილიკებდეთ ხელისუფლებას, ისევე როგორც ეს იყო მტკივნეულ წარსულში. ისევ არის მტკივნეული წარსული და იქნება ეს რეალობა, რაც აი, იმ მდიდარ ადამიანს უნდა, თუ არ იქნება, ვიდგებით რუსთაველის გამზირზე და აქ გავიმარჯვებთ. აქ მოვუპოვებთ გამარჯვებას ჩვენს შვილებს, თუ სამზარეულოებში წავალთ და იქ ვიქნებით დისიდენტები, თქვენზეა დამოკიდებული. გვახსოვდეს, რომ აქ ხალხი გამარჯვების მოსაპოვებლად ვართ გამოსულები და ეს რეალობა დევს სასწორზე, საით გადაიწონ-გადმოიწონება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

იმ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო? როდესაც რეალობა იყო ყალბი, მაგრამ ყველა ეგუებოდა და პროტესტი არ ისმოდა. ძალიან ახლოს ვართ როგორც თავისუფლების გამტკიცებასთან, ისე თავისუფლების სრულად დაკარგვასთან. უფლება არ გვაქვს, ისტორიის წინაშე კი არა, ერთმანეთის ოჯახის წევრების წინაშე ვიქნებით მოღალატეები და მტყუანები. ჩვენ ამ გამარჯვებას ხელიდან არ გავუშვებთ, გპირდებით, და ეს არ არის თვალთმაქცობა, წრფელი სიტყვებია. დარწმუნებული ვარ, უამრავ ადამიანს, ასი ათასობით ადამიანს ასეთ უთავმოყვარეო წესრიგში, ოლიგარქიულ წესრიგში ცხოვრება ღირსების აყრა არის და ნამდვილად არ გვინდა და არ გვიღირს ასეთი ცხოვრება. რა უნდა გავაკეთოთ? ვიდგეთ, კიდევ გადავურეკოთ-გადმოვურეკოთ, ვინც გვიყურებთ, გამოდით გარეთ, ვინც სახლებში ხართ, ხმამაღლა გააპროტესტეთ და ძალიან მალე ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიქართველი ემიგრანტები თბილისის აქციას უერთდებიან
შემდეგი სტატიაზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ინდივიდუალურად უნდა აიღონ ადამიანებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ვისაც ეშინია, გაიკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია