ნიკა მელია: ხელისუფლების შეცვლის შანსი მესამედ გვეძლევა ის თავიდან ბოლომდე არის დისკრედიტირებული

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 27, 2020 22:08

ნიკა მელია: ხელისუფლების შეცვლის შანსი მესამედ გვეძლევა ის თავიდან ბოლომდე არის დისკრედიტირებული

რატომ ჩავარდა „ქართული ოცნება“ სააკაშვილის გამო ისტერიკაში, როგორ დაკარგეს ექიმებმა ნდობა, რა შანსი აქვს საქართველოს 2020 წლის არჩევნებზე – ამ საკითხებზე „თაიმერს“ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ესაუბრება:
– ზელენსკის მიერ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად წარდგენა „ქართულმა ოცნებამ“ მძიმედ გადაიტანა. მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრი უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტასაც კი ითხოვს. როგორია თქვენი რეაქცია მათ რეაქციაზე?
– მათი რეაქციიდან კარგად ჩანს თუ როგორი არათანმიმდევრული არიან „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები. აქამდე გაიძახოდნენ, სააკაშვილი წარსულია, მასზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირსო. ეს იყო მათი ე. წ. მესიჯბოქსი და პროპაგანდა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოუხდათ იმის აღიარება, რომ სააკაშვილი არის მსხვილი მასშტაბის მოთამაშე. როგორც საქართველოს მოქალაქეს, ძალიან მიკვირს თუ რატომ არ უნდა უხაროდეთ ვინმეს ის ფაქტი, რომ ქართულ სივრცეში გაზრდილი პოლიტიკოსი ამხელა წარმატებას აღწევს და 50–მილიონიანი ქვეყნის ვიცე-პრემიერი ხდება. მას შეუძლია ძალიან დიდი როლი შეასრულოს უკრაინის სახელმწიფოს გაძლიერებაში, რაც თავის მხრივ გააძლიერებს საქართველოს. ეს იცოდე და ცდილობდე ხელი შეუშალო ამ ადამიანს, არასერიოზული და არასახელმწიფოებრივია.
სხვა თუ არაფერი, საქართველოც და უკრაინაც რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებთან ვართ დაპირისპირებულნი. გავა დრო და ესენი პოლიტიკაშიც კი აღარ იქნებიან. მერე ბატონ კობახიძეს და ბატონ თალაკვაძეს აუცილებლად ჰკითხავენ: უკრაინის ვიცე-პრემიერად ქართველი პოლიტიკოსის დანიშვნას ხელს რატომ უშლიდითო? ამაზე დაფიქრდნენ და ისე გააკეთონ განცხადებები.
– ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ქართველი იანუკოვიჩია.
– ზუსტად არ ვიცი როგორ აქვთ აწყობილი მათ ცირკულარული ქსელი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცა უგზავნის მესიჯებს დილის საათებში და როცა გაიღვიძებენ, ყველას ჩატში ხვდებათ მზა შეტყობინება, შემდეგ კი დაქოქილი თოჯინებივით იმეორებენ ერთიდაიგივეს. მთელი უბედურება ის არის, რომ განცხადება, რომელიც კობახიძემ გააკეთა, არაა მისი აზრი. მეტი რა გითხრათ ამაზე? მათ არცთუ ისე ცუდად ვიცნობ და ყველაფერი კარგად მესმის.
– მათი ნამდვილი სახე მაშინ გამოჩნდა, როცა თქვენ ჯერ დეპუტატის იმუნიტეტი მოგიხსნეს, შემდეგ კი უფლებამოსილებაც შეგიწყვიტეს.
– ამ ბატონებს ეტყობა მართლა სჯერათ, რომ ივანიშვილი არის ანგელოზი, ცაში დაფრინავს და დედამიწაზე ფეხს არ ადგამს. დედამიწაზე ფეხს არ ადგამს კი არა, დედამიწის ქერქში იქექება და ბოლნისში რაც ოქრო და სპილენძი იყო სულ ამოიღო. ძალიან მძიმე მოცემულობის წინააღმდეგ გვიწევს გამკლავება. ვერ ვხვდები, საიდან დაუგროვდა ამ ადამიანებს ქვეყნის მიმართ ამხელა ბოღმა, რომელსაც დროდადრო ამჟღავნებენ და უკადრებელსაც კადრულობენ. ამ დროს გგონია, რომ ამის იქეთ უკვე ვერ წავლენ, რადგან ეს არის ფსკერი, მაგრამ კიდევ უფრო ქვევით ჩადიან. საზოგადოებას მუდმივ სტრესში ამყოფებენ.
მთელი უბედურება ისაა, რომ საზოგადოებას წარუკვეთეს იმედი და სასო. ეს არის რვა წლის დამსახურება!. ხალხს ხვალინდელი დღის და წარმატებული საქართველოს იმედი ჰქონდა. ახლა მომავლის აღარავის სჯერა. რა პოზიტიური დღის წესრიგი აქვს „ქართულ ოცნებას“, თუმცა ესენი არაფერს აკეთებენ და რანაირად იქნება პოზიტივი.
– ხალხს მომავლის მიმართ შიში რომ გაუჩნდა, ამაში კორონავირუსმაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი.
– ესეც დროებითია. აშკარად ჩანს, რომ კორონას თემით ცდილობენ გადაფარონ თავიანთი ნაკლოვანებები. კორონას ამოფარებულებმა დაიწყეს საარჩევნო კამპანია. ძალიან მწყდება გული, რომ რამდენიმე ექიმს არის ამოფარებული ხელისუფლება. ახმოვანებინებენ იმას, რაც არ შეესაბამება რეალობას. განსაკუთრებით ბოლო დროს არის ეს თვალშისაცემი. ამით ხელისუფლება კიდევ უფრო იზიანებს საკუთარ თავს. ხელისუფლებას არ ვდარდობ. მე ის მაწუხებს, რომ უდიერად ეპყრობიან ექიმებს, მაგალითად იმნაძეს.
თავიდან მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება იყო პოზიტიური. სოციალური ქსელით თუ მედიაში ყველგან მხარს ვუჭერდი, როგორც ექიმების ოჯახში გაზრდილი ადამიანი. ახლა მათ მიმართ საგრძნობლად შემიმცირდა ნდობა. როგორ უნდა ვენდო ადამიანს, რომელიც ჯერ ამბობდა 2.000 სასუნთქი აპარატი გვაქვს და ახლა გვეუბნებიან მხოლოდ 700 გვაქვსო? ტესტირება თუ ჩატარდა, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებაო – გვითხრა ქალბატონმა ეზუგბაიამ. ეს განცხადება ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ამაზე ექიმებს უნდა აეტეხათ განგაში, მაგრამ მას ამართლებენ, მათ შორის არის პაატა იმნაძე. ის უფრო შორს წავიდა, და შემდეგი თქვა, ყველას ტესტირება რომ ჩავუტაროთ საავადმყოფოში ადგილი აღარ იქნებაო. ფაქტიურად გვითხრა, თავში ქვა გიხლიათო.
ასეთი განცხადებები რომ მოვისმინე, მათ მიმართ ნდობა დრამატულად შემიმცირდა. გული მტკივა, რომ ამაში ხელს აფათურებს ხელისუფალი და ექიმებს აიძულებს გააკეთოს ასეთი არასწორი და არაკორექტული განცხადებები. ასევე არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმნაძის კიდევ ერთ განცხადებას, რომელიც ამბობს რომ თურმე ვიღაცას უნდოდა ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესება.
– ეს განცხადება მართლა საოცარი იყო…
– საოცარი კი არა, არაკორექტული რბილად რომ ვთქვათ. ხალხი ამდენი ხანია სახლებში ვართ გამოკეტილი, შეძლებისდაგვარად გაგებით ვეკიდებით ამ აკრძალვებს, ოპოზიციაც კი ხმას არ იღებს და ამ დროს ეს ბატონი ამბობს, რომ თურმე ეპიდემიის აფეთქება გვინდოდა.
ნორმალურ ქვეყნებში კარგ მთავრობას ხალხი ტაშს უკრავს, ცუდს აძაგებს. ჩვენ მთავრობა არ გვყავს. ჩვენ გვყავს ოლიგარქი. ამის ნათელი მაგალითია ბატონი ფარცხალაძე, რომელიც მაშინ დასეირნობდა ქუჩაში ავტომანქანით, როცა აკრძალული იყო გადაადგილება. ის არაფორმალურ ვერტიკალში ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელია. მთელი თბილისი სახლში იყო გამოკეტილი, ხალხი ექიმებთან, მათ შორის დიალიზის გასაკეთებლად ვერ მიდიოდა და ამ დროს ფარცხალაძე ძვირადღირებული მანქანით დასეირნობდა თბილისის ცენტრში.
მინდა შეგახსენოთ თუ ვინ არის ეს ბატონი. მის სახელს უკავშირდება საკნიდან ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის უკანონოდ გაყვანა. ფარცხალაძემ ჩაიყვანა თავის სარდაფში სპორტის ყოფილი მინისტრი ყიფიანი და ემუქრებოდა. ის ფიზიკურად გაუსწორდა აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსს ლაშა თორდიას. ამავე ბატონმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარი მოიპარა. 39 ადამიანია დაკავებული ამ საქმეზე. მათი უმეტესობა ხელს ყოფილ მთავარ პროკურორს ადებს.
სწორედ ეს ბატონი თავისუფლად დასეირნობდა თბილისის ცენტრში და საგანგებო მდგომარეობით დადგენილ წესებს არღვევდა. ეს კადრი ნახა ყველამ, მაგრამ ხელისუფლებას ეს ფაქტი არ გაუპროტესტებია. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ლიდერებს არ გაუკეთებიათ განმარტებაც კი. ისე, ზემოთ ჩამოთვლილ დანაშაულებზე არ მოსთხოვეს მას პასუხი და რატომ გვიკვირს, რომ მათი მხრიდან საგანგებო მდგომარეობის დარღვევა არ შეიმჩნიეს? ოთარ ფარცხალაძე არის ამ ხელისუფლების სახე!
– მოდით, ფარცხალაძეს შევეშვათ და ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა შეგვიფასეთ.
– არანაირი ანტიკრიზისული გეგმა ეგ არ არის. ქართულ საზოგადოებას მილიარდერის წარმომადგენელმა გახარიამ უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა. მან მშრალი ბიუროკრატიული ენით ჩაატარა პრეზენტაცია და ხალხს უთხრა – აი, პრეზენტაცია და მე ვიწყებ თქვენს დახმარებასო. რით დაიწყებს, როდესაც მთავარი არ აქვს. ეს მთავარი არის ბიუჯეტი. აქამდე ბევრი ტყუილი უთქვამს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ 3.5 მილიარდიანი ტყუილი ჯერ არა თქმულა.
ხელისუფლებას დღემდე სოციალური ინტერვენცია არ განუხორციელებია. არავისთვის შეუთავაზებია დახმარების პაკეტი. არადა, ხალხი ახლა საჭიროებს დახმარებას. იგივე ეხება სოფლის მეურნეობას, რომლის შესახებ პრეზენტაციაზე გახარიამ ერთი სიტყვაც კი არ თქვა. მას არც სამშობლოში დაბრუნებულა ემიგრანტები გახსენებია, არც დევნილები და ვისაც დახმარებას დაპირდა, ისინიც მოატყუა, იგივე თვითდასაქმებულები. თვითდასაქმებულებმა ფინანსური დახმარება რომ მიიღონ, საბუთი უნდა წარმოადგინონ, რომ თვითდასაქმებულები იყვნენ.
– ეს საბუთი საიდან უნდა მოიტანონ?
– საქმეც მაგაშია, რომ ვერ მოიტანენ. ამას საარჩევნოდ გამოიყენებენ. კონკრეტულ ადამიანებს ეტყვიან აჰა თქვენ დახმარება და საარჩევნოდ გაითვალისწინეთ ესო. ახლა თუ რამეზე ფიქრობს ივანიშვილი, ესაა თუ როგორ „მოციცქნოს“ ბიუჯეტს კიდევ თანხა.
– რა გავლენას იქონიებს ეს არჩევნებზე? ხალხი კიდევ ხომ არ გაიყიდება ხახვზე და კარტოფილზე?
– მოდით სიმართლე ვთქვათ, ბოლო რვა წლის განმავლობაში ხელისუფლების შეცვლის შანსი სულ იყო ორჯერ. ეს იყო 2012 წელს, როცა ხალხმა უკეთესი იმედის რწმენით შეცვალა ხელისუფლება. მეორე შანსი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მაშინ ხელისუფლების მიმართ ჯერ კიდევ იყო ნდობა და „ოცნება“ ამიტომ დარჩა ხელისუფლებაში. მესამე შანსი ახლა გვეძლევა. ხელისუფლება დღეს თავიდან ბოლომდე არის დისკრედიტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შანსს ქართველი ხალხი გამოიყენებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ 2020-ის არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლება. ოლიგარქთან ბრძოლა ადვილი არ იქნება, მაგრამ ხელისუფლების თავზე ძალიან ბევრი დამოკლეს მახვილი კიდია უკვე.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 27, 2020 22:08

Google სტატისტიკა


2,313
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics