ნიკა მელია: გრეჩიხებს უნდა ვკითხოთ, რატომ მოექცნენ ასე არასამართლიანად და ასე არაადამიანურად იმ ხალხს…

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიას თქმით სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე “უდიდეს შეცდომა და ტრაგედია” იყო. ნიკა მელიას თქმით, მომხდართან დაკავშირებით მაშინდელი რამდენიმე თანამდებობის პირს პასუხისმგებლობა უნდა აეღო, თუმცა ასე არ მოხდა.

“გირგვლიანის, ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბევრჯერ მაქვს აზრი გამოთქმული და არათუ უბრალოდ სახლში მჯდომი ვაპროტესტებდი ამას, არამედ, მიმიღია საპროტესტო აქციებში მონაწილეობა, იმიტომ, რომ თავს ვალდებულად ვთვლიდი მაშინ.

რა თქმა უნდა, ეს იყო უდიდესი შეცდომა, ტრაგედია, რომელზეც პასუხისმგებლობა თავის დროზე უნდა აეღო რამდენიმე თანამდებობის პირს, მაგრამ არ აიღეს. დანაშაული იყო, რა თქმა უნდა,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

გარდა ამისა, ნიკა მელია 2007 წლის 7 ნოემბრს ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას გაუმართლებელ და არაადამიანურ საქციელად აფასებს.

“გრეჩიხებს უნდა ვკითხოთ, რატომ მოექცნენ ასე არასამართლიანად და ასე არაადამიანურად იმ ხალხს, ვინც მართლაც წრფელად იყო გამოსული საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. მე ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იდგა მაშინ იქ, სადაც დაუძახეს ხალხს და ძალიან ბევრი ხალხი ვიყავით იპოდრომზე, მაშინ, როდესაც იმავე დღეს ინაუგურაცია ტარდებოდა რუსთაველის გამზირზე, მაგრამ 13 წლის თავზე ბატონმა უცნობმა გაჩეჩილაძემ თურმე გვითხრა ის, რაც არ ვიცოდით. მოლაპარაკებები ჰქონია “ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელ ლიდერებთან და ყველაფერი იყო შეთანხმებული, რომ ხალხი უნდა დაეშალათ. ყველა ხელისუფლების ინტერესია, რომ ოპოზიციამ აქცია არ ჩაუტაროს მათ და ეს ადამიანი მარტივად დახურდავდა, ძალიან სამწუხაროა.

თაობებმა უნდა იცოდნენ, როგორ არ უნდა გამოიყენო მოსახლეობის გულწრფელი ემოციები. დიდი შეცდომა იყო, რა თქმა უნდა, არანორმალურის გარდა ვინ გაამართლებს, ვინმეს იცნობთ, ვინც გაამართლებს იმედში შეჭრას? გადადგა ის ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი მაშინ, როცა მე ვიყავი ახალგაზრდა, მიუხედავად ამისა, მაინც ვაპროტესტებდი,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: პირბადის გარეშე არავინ უნდა დაუშვან არც ავტობუსში, არც მიკროავტობუსში და არც მეტროში
შემდეგი სტატიამელია: ფასადური დემოკრატიის შექმნისთვის “ქართულ ოცნებას” უნდათ რომ გამომიყენონ მე, მაგრამ არ შევდივარ