ნიკა მელია – ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გაასაჯაროოს საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ნიკა მელია ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა უნდა გაასაჯაროოს და „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ამის შესახებ ნიკა მელიამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. ხაზარაძემ მედიას განუცხადა, რომ „პროგრეს ბანკის“ შეძენა ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა. ხაზარაძის თქმით, როდესაც 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ შესყიდვის პროცედურა დაიწყო, უცხოურმა აუდიტორმა აქტივები შეამოწმა, საიდანაც რამდენიმეს ყიდვაზე რეკომენდაცია გასცა, რამდენიმეზე კი ითქვა, რომ მათი შესყიდვა რეკომენდებული არ იყო. მამუკა ხაზარაძის თქმით, გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ტრანზაქციები.

ნიკა მელიას თქმით, ამ საკითხზე „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში 2017 წელს პრესკონფერენციაც ჩატარდა.

„გუშინ გაცილებით მეტი სიცხადე შემოიტანა ამ დანაშაულებრივ სქემაში ხაზარაძემ. მე პირადად არ გამკვირვებია. სამწუხაროა, რომ ქვეყანას მმართველად მოვლენილი ჰყავს ადამიანი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ სახელმწიფოს მიტაცებით და ხალხის კიდევ უფრო გაღარიბების ხარჯზე გამდიდრებით არის დაკავებული, არამედ ივანიშვილი  შავ ფულს რეცხავს. მტკიცებულებითი, მატერიალური სახით ფაქტები არსებობს და არა უბრალოდ ვიღაცის ვარაუდი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა გაასაჯაროოს ის საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა, რომელიც ეროვნულ ბანკში ინახება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. სასპეკულაციოდ არც არავის დრო და არც ენერგია არ დაიხარჯება“, – განაცხადა მელიამ.

კითხვაზე, რომ 2012 წელს, როცა ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო და „პროგრეს ბანკის“ აქციები აუქციონზე იყო გატანილი, იყო თუ არა ეჭვები ბანკთან დაკავშირებით, მელია აცხადებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო არის ინსტიტუტი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღასრულებს.

„ახლაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება აღსრულდება, რომელიც ნებისმიერი აღმასრულებლის მიერ მიიღება წარმოებაში. ეს იმასთან არ არის კავშირში, რაზეც ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ შავი ფულის გარეცხვაზე. არსებობს კონკრეტული ფაქტები და ამ ფაქტებს ახლა დამაჯერებელი პასუხის გაცემა უნდა. არა ისეთი პასუხი, რომელსაც ადგილი აქვს მაგალითად, კახა კალაძის მხრიდან. პირად შეურაცხყოფაზეა გადასული და ერთი წინადადებით ამბობს, რომ ხაზარაძე ტყუის. არადა, მატერიალური სახით ფაქტები გვაქვს. ეს ფაქტები უნდა გაბათილდეს და საზოგადოება დაიჯერებს. ამ შემთხვევაში, საპირისპიროს ვისმენთ. კალაძე და ხელისუფლება ყბადაღებულად იძახის, რომ ეს არის ტყუილი და რატომღაც, ხალხმა ამას უნდა დაუჯეროს. რატომ არ უნდა დავუჯეროთ ფაქტებს და რატომ უნდა დავუჯეროთ ცარიელ სიტყვებს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, შესწავლილია ბანკის საქმიანობის მთელი პერიოდი, როგორც ბოლო შვიდი წელი, ასევე მანამდე.

დეპუტატის განცხადებით, არსებული კითხვები გაბათილებას საჭიროებს ფაქტებით და არა, სიტყვებით.

„ეს არ არის რამე ექსტრაორდინალური, როდესაც კითხვის ნიშნები ჩნდება. არ შეიძლება,  კითხვის ნიშნები გაჩნდეს მხოლოდ ერთ ან ორ რაღაც ფინანსურ ოპერაციაზე. კერძო საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ დასკვნა დადო პერიოდზე, როდესაც უკვე ხელისუფლებაში იყო „ქართული ოცნება“. ეს კითხვებია გასაბათილებელი და რატომ ნერვიულობს გინდ კალაძე, გინდ ივანიშვილი. მარტივად, მშვიდად გამოვიდნენ და გააბათილონ, ოღონდ ფაქტებით და არა უბრალოდ მშრალი, ცარიელი სიტყვებით, რომ ეს არის ტყუილი. ძახილი, რომ ეს უბრალოდ ტყუილია და მეტი არაფერი, როდესაც საპირწონედ კონკრეტული ფაქტები დევს, მათსავე დანაშაულს ადასტურებს, საკუთარი დაუდევრობით თუ კუთხეში მომწყვდეული პოზით. 2012 წელს მე რა ეჭვები უნდა მქონოდა, ამ ყველაფრის შესახებ 2017 წელს გავიგე“, – განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ჩატარდა პრესკონფერენცია, სადაც მათ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს, თუმცა საკითხს ყურადღება არავინ მაიქცია.

„ჩვენ პრესკონფერენციაც კი ჩავატარეთ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოვუწოდეთ. ამ ამბავს ნული ყურადღება და ყრუ კედელი დახვდა 2017 წელს. გუშინ კი, საკითხმა შეიძინა კიდევ უფრო მეტი რეზონანსი, რადგან დამატებითი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი ხაზარაძის მხრიდან და ჟურნალისტურმა გამოძიებამ მოიპოვა მასალები,  რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო. ამიტომ თავის მართლებას ვერავინ ვერავის დაუშლის,  ხელისუფლებას ვგულისხმობ, მაგრამ ფაქტები წარმოადგინონ. ჩვენ ხომ მეტს არაფერს  ვთხოვთ. გააბათილონ ის წარმოდგენილი ფაქტები, რომლითაც ივანიშვილი კალაძესთან ერთად არის ეჭვმიტანილი ფულის რეცხვაში და ფულის გათეთრებაში“, – განაცხადა დეპუტატმა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია – როდესაც უმრავლესობაში ვიყავი, ანაკლიის პროექტზე ბევრი კრიტიკული და პესიმისტური პროგნოზები მომისმენია
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია Tv ,,პირველის“ გენერალური დირექტორი გახდა