ნიკა მელია – ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციების ჭურვები ბიძინა ივანიშვილთან სულ უფრო და უფრო ახლოს ეცემა

ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციების ჭურვები ბიძინა ივანიშვილთან სულ უფრო და უფრო ახლოს ეცემა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე საუბრისას განაცხადა, სადაც თითქოს, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

მისივე თქმით, აუდიოჩანაწერი დამაჯერებელია ნებისმიერი ქართველისთვის.

„დიახაც, გუშინდელი ჩანაწერი, რომელსაც ობიექტურად განწყობილი ვერცერთი ჭკუათმყოფელი მოქალაქე ვერ უარყოფს, არის იმის დასტური, რომ აშშ-ის, ევროპის ქვეყნების მიერ სანქცირებული ადამიანებთან ბიძინა ივანიშვილი არა უბრალოდ ურთიერთობს და წარმატებას უსურვებს უკრაინასთან ომში რუსეთის ფედერაციას და პუტინის პირად წარმომადგენლებს, არამედ ამ ადამიანებთან არის ჩართული ბიზნეს თვალსაზრისით და შოულობს ფულს. ეს არის მორალური მხარე, რომელიც არის გასაკიცხი. ეს არის მორალური დაცემის მაგალითი ნებისმიერი ქართველისთვის, რომელსაც შემორჩენია ძალა და ენერგია ჰქონდეს ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც მჭიდროდ არიან პუტინთან დაკავშირებულები.

რატომ არის მსგავსი ჩანაწერი და საუბარი ძალიან დამაჯერებელი ყველასთვის?! პროცესში, რასაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ადევნებს თვალყურს, დიახაც, ასკვნის ლოგიკურად, რომ ეს ასე იქნება. დაწყებული 25 თებერვლიდან, როდესაც ღარიბაშვილი გმობდა უკრაინის მხარეს, მის თავდაცვის შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და ამბობდა მეტსაც, რომ ამ ომით დაზარალდებოდა უკრაინა, როცა სანქციებს არ შეუერთდნენ, როცა გენოციდის აღიარების თაობაზე დღემდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება, როდესაც მთელი რიგი საპირისპირო ნაბიჯები გადაიდგა, ვიდრე თავისუფალი სამყარო დგამდა და ამ დროს საზოგადოება იგებს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქებთან მჭიდრო კავშირშია, ეს არის ძალიან დამაჯერებელი“, – განაცხადა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიქართველი იანუკოვიჩი უნდა მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში – კობახიძე არახამიას
შემდეგი სტატიავემზადებით ოკუპანტების სრულმასშტაბიანი შემოჭრისთვის, იქნება თავდასხმა, ან ალყა – მიკოლაევის მერი