ნიკა მელია: ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური ვალია, სანამ ეს ადამიანი ციხეშია, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო

გამარჯვება იქნება ისეთი, რომლის შედეგებსაც მოიმკის ყველა. ჩვენ ვინმეს დასამარცხებლად არ მივდივართ, ჩვენ მივდივართ გამარჯვებისთვის – აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ნიკა მელია რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

“თავგანწირვას აქვს ძალიან დიდი ფასი, ის, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და ის, რაც ძალიან მალე 100 ათასობით საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაკეთოთ და მოვიპოვოთ გამარჯვება არა მომავალ წელს, არამედ წელს, ძალიან ბევრ ქალაქში დაამარცხა ოლიგარქი და უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილს, ეს დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და 30 ოქტომბერი იქნება, თუ როცა ჩაინიშნება, უნდა ვაქციოთ რეფერენდუმის მეორე ტურად, თარიღად როდესაც გარდატეხა უნდა მოხდეს.

მიხეილ სააკაშვილს მოკითხვა ჩემგან, რასაც უნდა ცდილობდნენ შუღლი ჩამოაგდონ მე და მას შორის, არ გამოუვათ არასოდეს, ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური ვალია, სანამ ეს ადამიანი ციხეშია, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო. ეს არის ჩემი ადამიანური და მეგობრული ვალდებულება.

ნურავინ ნუ ვიქნებით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებზე მეტად მხარდამჭერები. სანამ მიხეილს სააკაშვილი ციხეშია, განცხადებას სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და ეხება ნაციონალურ მოძრაობას, გავაკეთებ პარტიის სახელით მე. დისციპლინა და ორგანიზება ბრძოლაში არის მნიშვნელოვანი. ამ ბრძოლამ უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მომავალი. გულზე მჯიღის ცემა ადვილია ვიღაცისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია შემართებასთან, თავგანწირვასთან ერთად.

სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მიშა, ყველაფერი იქნება კარგად. ამ ქვეყანას აქვს ნათელი მომავალი. ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომელსაც 30 ოქტომბერს გამოვიყენებთ. ივანიშვილო, სანამ მიტაცებულ ქვეყანას არ გაათავისუფლებ, ბრძოლის ავანგარდში ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე, სიცოცხლის საფრთხეც რომ დამიდგეს… არ ვხუმრობ და რომ არ ვხუმრობ, ამას განახებთ 30 ოქტომბერს”,-აცხადებს ნიკა მელია.

„არავინ აძალებდა მიშას ჩამოსულიყო და შესულიყო იქ, სადაც ახლა არის, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე ბევრად თავისუფალია ახლა მიხეილ სააკაშვილი. არაფერი ისე არ აძლიერებს პოლიტიკურ პატიმარს, როგორც ჩვენი მაგრად ყოფნა, მხნეობა და შემართება. 30 ოქტომბერი იქნება ბრძოლის ველი. დედა, მამა, შვილი, ბიძაშვილი, კიდევ უფრო მეტნი უნდა გავიდეთ. თოთოეული ხმა დავიცვათ. არ გვაქვს უფლება სხვაგვარად მოქმედების. ბედნიერები ხართ, რომ პატივი გერგოთ წილად, გქონდეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ ამ ისტორიულ პროცესში, სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ეს პატივი ყველას არ ჰქონდა. ჩვენი წინაპრების ნაწილს ჰქონდა, ნაწილს-არა. მიხეილ სააკაშვილმა მოგვცა მაგალითი, როგორ ვიბრძოლოთ“, – განაცხადა მელიამ.

წინა სტატიაშიირაკლი ფირცხალავა და პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი გიორგი ცააძე მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ და მასთან ერთად შიმშილობას იწყებენ
შემდეგი სტატიაბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იძებნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის ავტომობილით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს