ნიკა მელია – ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას, ამ სიტყვას აღარ უნდა მოვერიდოთ

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია სასამართლოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა, სადაც ზვიად კუპრავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილებოდა. მელია, როგორც დეპუტატი კუპრავას თავდებში უდგებოდა, თუმცა სასამართლომ თავდებობის საკითხი არ გაითვალისწინა და კუპრავა პატიმრობაში დატოვა.

ნიკა მელიას მიაჩნია, რომ სასამართლოში შერჩევითი სამართალია, როდესაც სხვა ძალადობის ფაქტებზე კონკრეტული პირები გირაოთი გარეთ იმყოფებიან, ხოლო კუპრავა ცრუ ბრალდებით საპატიმროშია.

„პროკურორი არ გამოცხადდა იმ დროს, როდესაც განაჩენი უნდა გამოეცხადებინა მოსამართლეს. მოხდა ის, რომ თავდებში ვუდგებოდით დეპუტატები, მათ შორის სხვა პირებიც იყვნენ, მზაობა გამოთქვეს თავდებში ჩადგომოდნენ და დატოვა პატიმრობაში ადამიანი. გავიხსენოთ, რისთვის ჰყავს პატიმრობაში ბიძინა ივანიშვილს, ამავე შენობაში სასადილოში მოსამართლეს შეაგინაო, ეს ერთი, მაშინ გირაო შეუფარდეს და მეორე, ამავე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პანჩური ამოარტყა ადამიანსო, რომლის მტკიცებულებაც არც არსებობს. პატიმრობაში გაამწესეს უკვე მეოთხე თვეა, მაშინ, როდესაც უამრავი მაგალითი გვაქვს ქვეყანაში, სადაც ცემენ, ჯაჭვით მისდევენ, მათ შორის სპორტის სასახლეში. გარეთ არიან. გვყავს კორცხელის მოძალადეები, არც ერთი მათგანი პატიმრობაში ნამყოფი არ არის არც ერთი წუთით. იმისათვის, რომ სასადილოში ზვიად კუპრავამ მოსამართლეს უბრალო, ზოგადად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, პირველი გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ გამოუტანეს. მითხარით, ადამიანი ამ ქვეყანაში ვინც სხვა აზრზეა ამ სასამართლოს მიმართ, არ არსებობს. ყველა არის იმ აზრზე ამ სასამართლოს მიმართ, რაზეც იყო ბატონი ზვიად კუპრავა და სადილობისას მაშინ ზაზა სარალიძეც ესწრებოდა. ამ შემთხვევას კუპრავას წაუყენეს ბრალი. ეზოში თითქოს ვიღაცა ადამიანს პანჩური ამოარტყა ზვიად კუპრავამ და ამის ვიდეომტკიცებულება არ არსებობს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ კუპრავა ციხეში ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებით არის, რაც მიზნად ისახავს მისი პროცესებიდან ჩამოცილებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგში ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გამოიმუშავებს რევოლუციას. ამ სიტყვას ჩვენ აღარ უნდა მოვერიდოთ. ეს არის ფაქტი. იქ, სადაც აღარ არსებობს სასამართლო, ნომინალურადაც კი არ არსებობს, სადაც გვეუბნებიან, რომ სასამართლოა, რომელსაც მართავს მურუსიძე და ჩინჩალაძე, პარლამენტია, რომელსაც მართავს კობახიძე, შსს, გახარია და ასე შემდეგ. ხელისუფლება ამთავრებს საკუთარ მოღვაწეობას და მართვის სადავეებთან სახელისუფლებო რევოლუციით, დიახაც რევოლუცია მოხდება საარჩევნო უბნებთან ან საარჩევნო უბნების მიღმა. გამორიცხულია, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთმინებას ცდის ივანიშვილი და რასაც მიიღებს, ძალიან მალე ვნახავთ. ამის მაგალითები არსებობს უკვე ჩვენს პარტნიორ სახელმწიფო უკრაინაში. ვხედავთ, რა ხდება მოლდოვაში, მანამდე ვნახეთ, რა მოხდა სომხეთში და რატომ ჰგონია ბიძინა ივანიშვილს, რომ გამონაკლისი იქნება. ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ არის ისეთ სპირალში შემძვრალი, სადაც მხოლოდ დანაშაულს დანაშაულის ჩადენა უნდა დაამატოს და ასე გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა, მაგრამ ეს მთავრდება კრახით. ეს ზამბარა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჭიმავს, ძალიან მტკივნეულად მოხვდება მას ცხვირ-პირში, ეს გარდაუვალია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს, რაშიც გამოძიება „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს სასამართლოს უპატივცემულობაში ედავებოდა. სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი, გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება. გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო პატიმრობით შეეცვალა.

banner
წინა სტატიაში„არ გყოფნით პოლიტიკური ნება, საჯაროდ უთხრათ ხალხს, რომ გარეჯში საზღვარი კომუნისტების მემკვიდრეობაა” – მწვავე დებატები პარლამენტში
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ბელიაშვილზე – გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი