ნიკა მელია: არ ვიქნები იქ, სადაც არის მავნე ძალა, რომელიც ცდილობს, „ქართული ოცნების“ მრუდე, მავნე, სარკისებურ ანარეკლად იქცეს

არ ვიქნები იქ, სადაც არის მავნე ძალა, რომელიც ცდილობს, „ქართული ოცნების“ მრუდე, მავნე, სარკისებურ ანარეკლად იქცეს. ამისთვის არ შემოვსულვარ ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიას თქმით, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას ოპტიმალურ დროს მიიღებს.

„მე მაქვს იმის შესაძლებლობა, უფლებაც და ფუფუნებაც, ვთქვა, რომ მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. 2013 წელს ამ ბრძოლაში როდესაც შემოვედი, სხვა მიზნებით, სხვა ინტერესით შემოვედი და არა ვანო მერაბიშვილის თანამებრძოლეობის გამო. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც ჩათვლის, რომ იმ ადამიანებთან უნდა იყვნენ, რომლებიც სიყალბით, თვალთმაქცობით კადრულობენ იმას, რასაც კადრულობენ და ივანიშვილის წისქვილზე დაასხეს წყალი. როდესაც სიმართლეს ამბობ, ბევრ ადამიანს სტკივა. ვიდრე აბასთუმანში გამოკეტილი ადამიანი მართავს სახელისუფლო პარტიას და საზოგადოებისგან იზოლირებული კეზერაშვილ-მერაბიშვილი მართავს „ნაციონალურ მოძრაობას“, ყოველთვის გაიმარჯვებს აბასთუმანში გამოკეტილი ადამიანი. ვერ ვხედავ ღირებულებით კავშირს ამ ადამიანებთან, ეს არის მიტაცებული პარტია, რომელსაც განიხილავენ ბიზნეს პროექტად. არ ვაპირებთ, ვიყოთ იმ ადამიანებთან, ვინც არ ემსახურება ქართველ ხალხს. ხომ საუბრობენ, რომ ნიკა მელია წავა, რატომ ნერვიულობენ, თუ გავნულდებით და თუ არაფერი ჩვენ არ ვართ, რატომ ნერვიულობენ? მიხედონ საქმეს. ღამის 12:00 საათზე ჩაატარეს ერთხელ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი, როცა იწყებდნენ ამ შიდა გადატრიალებას, მიხეილ სააკაშვილი კვდებაო, მგონი თქვენც გქონდათ ეთერში ეს ბრიფინგი შეყვანილი. ამ ბატონმა, ხაბეიშვილმა და სხვებმა ღამის 12:00 საათზე ბრიფინგი ჩაატარეს ცენტრალურ ოფისში, აყარეს, გააღვიძეს ოპერატორები, ჟურნალისტები, პროდუსერები, არიქა, მიხეილ სააკაშვილი კვდებაო, 12:00 საათზე ჩანიშნეს აქცია-ბრიფინგი, რას აკეთებენ დღეს? ესეც სიყალბეა. კიარ ატყუებენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს. ალერგიულად ვრეაგირებ სიყალბეზე და ტყუილზე და ამას ვერ ავიტან ოჯახის წევრისგანაც. ჩემი გზა არის სიმართლის და ღირსების გზა და ამ გზას არ გადავუხვევ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განმარტებით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ პარტიის დატოვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

„მესმის ინტერესი, რომ სწრაფად გავაკეთო ეს განცხადება მეც და ძალიან ბევრმა ადამიანმა. ჩვენ შევიკრიბეთ 7 ოქტომბერს „ბილტმორში“, იგივე ტიპის შეხვედრა გვექნება კვირას იმერეთში, ქუთაისში, ამის შემდეგ 5 ნოემბერს გვექნება შეკრება სამეგრელოში, ზუგდიდში და ეს შეკრებები გაგრძელდება. ამ ყველაფრის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიიწყება რეგისტრაცია პროექტზე – „EmpowerHer: გოგოების ბანაკი თანასწორობისა და ლიდერობისთვის“
შემდეგი სტატიანიკა მელია: ხაბეიშვილმა და სხვებმა, ერთხელ, ღამის 12:00 საათზე ჩაატარეს ბრიფინგი, გააღვიძეს ოპერატორები, ჟურნალისტები, არიქა, სააკაშვილი კვდებაო, რას აკეთებენ დღეს?