ნიკა მელია: 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი იყო მთელი გუნდის პასუხისმგებლობა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 10, 2020 17:03

ნიკა მელია: 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი იყო მთელი გუნდის პასუხისმგებლობა

2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი იყო მთელი გუნდის პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც საპირისპირო შედეგი რომ დამდგარიყო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ნებისმიერ არჩევნებში მარცხი და გამარჯვება პოლიტიკური გუნდისთვის რას ნიშნავს – ან მთელი გუნდის დამსახურებაა, ან მთელი გუნდის ბრალია. ეს ყოველთვის ასეა და ასე იქნება ამ არჩევნებზეც და შემდეგ არჩევნებზეც. ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი რომ ავიღოთ, მაგალითად, თქმა იმისა, რომ ცალკეული ადამიანების ბრალი იყო და დანარჩენი ადამიანების ბრალი არ იყო, ასე, რა თქმა უნდა, არ არის. 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი იყო მთელი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობა, როგორც იქნებოდა პირიქით შედეგი რომ დამდგარიყო. თუ გაიმარჯვებდა „ნაციონალური მოძრაობა“, რა თქმა უნდა, იქნებოდა მთელი გუნდის პასუხისმგებლობა. ასეა და არ მგონია, თავად მიხეილ სააკაშვილი უარყოფდეს ამ რეალობას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთ ლიდერს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც, არაერთხელ უთქვამს, რომ მათი მმართველობის პერიოდში ძალოვან უწყებებზე კონტროლის არასაკმარისი მექანიზმები იყო.

„მიხეილ სააკაშვილს ეს ჰქონდა უბრალოდ მხედველობაში, თორემ პერსონიფიცირებულად რომ ვანო მერაბიშვილის ბრალეულობა იყო რაიმე, რა თქმა უნდა, ასე არ თქმულა. მთლიანად ახალს გეუბნებით, არასაკმარისი კონტროლის მექანიზმი იყო ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის პარლამენტის მხრიდან ძალოვან უწყებებზე და ამაზე ახლაც მიდის მსჯელობა ფართო ოპოზიციურ სპექტრში, თუ რა რეფორმა უნდა გატარდეს, რომ დაზღვეული ვიყოთ მსგავსი გადაცდომებისგან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა: „ვხედავ იმ შეცდომებს, რაც დაუშვა ვანო მერაბიშვილმა, რომ არა ეს გადაცდომები, ივანიშვილს ჩვენი ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა“.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 10, 2020 17:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,627
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics