ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებით, შსს-ს ინფორმაციას ავრცელებს

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებთან დაკავშირებით, შსს-ს ინფორმაციას ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის
ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ და გ.კ.-მ დაგეგმეს
ნ.კ.-ის მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს
ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს
ავტომობილი. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები
ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუსაფრდნენ ნ.კ.-ს.

ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ს მიმართულებით
10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ნაქირავები
ავტომანქანით გ.კ.-სთან ერთად მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ
გარდაიცვალა.

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ
ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის
„ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის
მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო
მასალის ჯგუფურად ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება)
დაუსწრებლად წარუდგინა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და
სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ორივე ძებნილი პირი ა. ჭ. და გ.კ. ქალაქ
თბილისში, წყნეთში დააკავეს.

საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.”- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში ნატო-ს აქტიური ჩართულობა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს
შემდეგი სტატიაცესკო-ს წინასწარი შედეგებით, თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46.68% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7%