კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის ატეხილ მწვავე დაპირისპირებას ეხმიანება. გვარამია მომხდარს „უკიდურესად არასასიამოვნო, არარაციონალურ და დამაზიანებელ ამბავს“ უწოდებს და აანონსებს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მას კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
გვარამიას თქმით, იმ წარმატებებისა და საერთაშორისო აღიარების ფონზე, რასაც ალიანსმა ბოლო პერიოდში მიაღწია, ნამდვილად არ ელოდა, თუ მსგავსი გარჩევებისთვის კიდევ დარჩებოდა სივრცე.
„სალაპარაკო მე რომ მაქვს, შესაძლოა, არც არავის ჰქონდეს ამდენი… მაგრამ თუ რამე არ მაინტერესებს ახლა და თუ რამე მიმაჩნია მინიმუმ არასერიოზულობად და მძიმე შეცდომად, ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებაა. ცხადია, ჩემი მხრიდან გადაწყვეტილებებიც იქნება (რადგან სხვა სივრცე უბრალოდ არ დარჩა) და პასუხებიც“, — აცხადებს ნიკა გვარამია.
კოალიციის ლიდერი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას ნაჩქარევად არ მიიღებს, ვინაიდან პასუხისმგებლობას გრძნობს საკუთარი გუნდის, საზოგადოებისა და იმ პარტნიორების წინაშე, რომლებიც ახლა ციხეში იმყოფებიან.
„იმთავითვე ვიტყვი, რომ ვინმეს გულის მოსაფხანად არაფერს არ გავაკეთებ, გამორიცხულია. არც მორალურ თუ საინფორმაციო შტურმს არ დავემორჩილები, ტყუილად არ იწვალოს არავინ ფუჭად. რაციონალური ვიქნები, როგორც პასუხისმგებლობიანი მებრძოლი პატრიოტები არიან სამშობლოს დიდი გასაჭირის დროს. წივილ-კივილით მოგებული ბრძოლების მე არ მჯერა“, — წერს გვარამია.
















