კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ოპოზიციის მთავარი მიზანი ქვეყანაში ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების მოპოვებაა და ის არჩევნებს ხელისუფლების ცვლილების უმთავრეს ინსტრუმენტად მიიჩნევს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა საკუთარ გეგმებზე საუბრისას აღნიშნა.
გვარამიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ვადამდელი არჩევნებისთვის მუშაობს, ის ყველაზე რთულ სცენარებსაც უშვებს.
„ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები. გამოვა თუ არ გამოვა, 2028 წლის იქით ხომ ვეღარ წავა „ქართული ოცნება“? მესმის ყველაფერი, გიჟი ხომ არ ვარ, უარესი ვარიანტის დაშვება რომ არ გავაკეთო. პროფესიით იურისტი ვარ და ნებისმიერ საქმეს ყოველთვის ცუდის დაშვებით ვიწყებ — ეს პროფესიული ჩვევაცაა და საღი აზრიც.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვეცდები 2028 წლამდე ვადამდელი არჩევნები არ მოვიპოვო. მე ამისთვის ვმუშაობ, ყველაფერს ვაკეთებ და ამის ფონზე ჩემი ცხოვრება არ არის მარტივი. სხვათა შორის, პატიმრობებიც ამიტომ მიწევს და შეიძლება კიდევ მომიწიოს, მაგრამ ის, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე არჩევნების გამოსაგლეჯად — ვადამდელი იქნება ეს თუ 2028 წლის — ნებისმიერ შემთხვევაში საუბარია დემოკრატიულ არჩევნებზე. მე მგონი, ეს უტყუარი ამბავია“, — განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით, არც ის და არც კოალიციის რომელიმე წევრი არ აუქმებს საარჩევნო გზას, როგორც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის მთავარ ბერკეტს.
„მე არ ვაუქმებ და არცერთი ჩემი გუნდელი არც პარტიაში, არც კოალიციაში და, დარწმუნებული ვარ, არც ალიანსში არ აუქმებს არჩევნებს, როგორც მთავარ, თუ არა ერთადერთ, ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობას“, — აღნიშნა ნიკა გვარამიამ.















