საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მმართველი გუნდის სარჩელის საფუძველზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხი განიხილება, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სარჩელის კოლექტიური ხასიათის გამო გაურკვეველია, კონკრეტულად რომელ პარტიას რა სამართლებრივი ბრალდება ედავება.
მანამდე გვარამიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოღების შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, კოლექტიური სარჩელი პარტიებს ინდივიდუალური დაცვისა და პასუხის გაცემის შესაძლებლობას ურთულებს.
„უნდა განგვემარტოს, ვის რა მტკიცებულება მიემართება, ვის რა დარღვევა მიემართება, ვის რა სამართლებრივი საფუძველი აქვს პარტიის გაუქმების. ასე კოლექტიურად რაღაცას რომ წერენ, არ ვიცი ამ კოლექტიურში ჩემი თავი რომელ ნაწილში ამოვიკითხო… ხომ უნდა მითხრათ: „შენი პარტია არის ამაში მხილებული და პასუხი გაეცი“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლო 88 დეპუტატის სარჩელს იხილავს, რომელიც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობასა და საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.















