ნიკა გვარამია: წყაროები არ გავამხილე, არ მივიჩნევ საჭიროდ

წყაროები არ გავამხილე, არ მივიჩნევ საჭიროდ, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

გვარამია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიკითხა.

„პირველი – წყაროები არ გავამხილე, არ მივიჩნევ საჭიროდ. მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ეთერში გამოვათქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს, ვინაიდან საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები და ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის. მეკითხებოდნენ, ეს ფაქტი ვინ გითხრათ, ვეუბნებოდი, რომ ფაქტი რომ მდომოდა ყოფილიყო, რომ მცოდნოდა როგორც ფაქტი, ვიტყოდი მტკიცებით ფორმაში, მაგრამ, სადაც ვამბობ, რომ ვფიქრობ ასე და ასე, ეს არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, მას აქვს თავისი ტექნიკა წარმოების. ამიტომ ვავითარებ ჩემს მოსაზრებებს, ლოგიკურ ჯაჭვებს. მხოლოდ და მხოლოდ ის მაიძულებს, ასე მოვიქცე, რომ გამოძიება ამას ყველაფერს მალავს.

ყველაზე კარგი მარგალიტია ე.წ. ხაშურელი კაწროს ამბავი, რომელზეც მითხრეს მაგალითად, ეს ჩვენი მასალებიო და თქვენი ფაქტი როგორ არისო? მე არც მითქვამს რომ ჩემი ფაქტია. მათი მასალებია, მაგრამ არავინ არ გააშუქა, ჩვენც არ გავაშუქეთ მათ შორის. თუ გახსოვთ ნახევრად ქუჩაზე გადასვლაა და მერე უკან გადმოსვლა, ყველამ ჩათვალა, რომ ამით მთავრდება ყველაფერი და ჩაჭრა. მე ავუხსენი მარტივად, რატომ არ გაშუქდა არავის მიერ – იმიტომ კი არა რომ დაგვეზარა, იმიტომ, რომ მაგალითად ეს ვიდეო არსად არ გარჩეულა მათ მიერვე, არავისთვის კითხვა არ დაუსვამთ, არც ამირხანაშვილისთვის უკითხვას, ვინ არის ეს კაცი რომ მოდის, რას გელაპარაკებაო. ეს არის დამალული ნაწილი, რომელი შემთხვევით გაეპარათ მტკიცებულებებში“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, გამოძიების კითხვები შეეხებოდა, თუ რა იცის ზუსტად, როგორც ფაქტი.

„როგორც ფაქტი, ვიცი „კაწროს“ მონაწილეობა. ამას არ უარვყოფ და ამაზე იქნება კიდევ და კიდევ ჩვენი მამტკიცებელი და მამხილებელი გამოძიებები. საუბარია მონაწილეობაზე არა იქ ასვლით, არა მკვლელობაში მონაწილეობის მიღებით, არამედ ჩაფარცხვაში მონაწილეობა. მთავარი და კრიტიკული კითხვა ის კი არ არის, ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი, არამედ ის, თუ რატომ არ ხდება ამ არც თუ ისე რთულ დანაშაულში აღმოჩენა მკვლელის, ანუ ვინ აფარებს ხელს მკვლელებს, როგორ ახერხებს ამას და რატომ აკეთებს ამას – ეს არის ჩვენი კითხვა. როდესაც ამ კითხვას პასუხი გაეცემა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელის აღმოჩენა გამოძიებას არ გაუჭირდება, არც აქამდე არ გაუჭირდებოდა, მაგრამ არ იმოქმედა ცხელ კვალზე. თუ თქვენთვის ჭეშმარიტების დადგენა მნიშვნელოვანია, რატომ არ გვეხმარებით გამოძიებაშიო? მგონია, ისედაც ყველაზე მეტად ვეხმარები, ჯერ ჩემი განცხადებები მიდის და მერე მათი საპროცესო მოქმედებები. იგივე სასიყვარულო სამკუთხედთან დაკავშირებით, როგორც ფაქტი ასე მაქვს მოწოდებულ და ვთქვი, რომ სპეფიციური ინტერესია შაქარაშვილის მიმართ სწორედ ამიტომ. მერე პროკურატურას უჩნდება კითხვა გამოძიების მიმართ, რომ გამოიკვლიეთ სასიყვარულო სამკუთხედი, არსებობდა თუ არა. ხვალ რას ვიტყვი, ის აინტერესებდათ და ამაზე არ ვილაპარაკე და ვილაპარაკებ ხვალ. ბილანიშვილთან დაკავშირებით მივაწოდე ინფორმაცია, რომ ეს არ არის მოსაზრება, ეს არის სამი სხვადასხვა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. საქმე ნელ-ნელა მიდის გახსნიკენ, ახლა გვაქვს ბევრად მეტი ინფორმაცია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი მოითხოვს, ჭიდაობის, რაგბისა და ფეხბურთის ფედერაციებს მსოფლიო ფედერაციებში წევრობა შეუჩერდეთ
შემდეგი სტატიაკობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა