ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სპორტულ ტელეკომპანია „სეტანტას“ და მის თანამშრომლებს ღია წერილით მიმართავს და მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციის უფლების „რუსთავი 2“-ისთვის შესაძლო გადაცემის გამო მკაცრად აკრიტიკებს.
გვარამიას განცხადებით, სამთავრობო არხებთან ნებისმიერი სახის პარტნიორობა „ხელისუფლების დავალების შესრულება და რეჟიმთან მოთანამშრომლეობაა“.
გვარამია სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ „სეტანტა“ თავდაპირველად ტრანსლაციის უფლების ტელეკომპანია „იმედისთვის“ გადაცემას გეგმავდა, თუმცა საზოგადოებრივი რეაქციის გამო გადაწყვეტილება შეცვალა:
„პასუხს ველით სეტანტასგან და მათი თანამშრომლებისგან: თუ სიმართლეა, რომ „რუსთავი 2“-ს აძლევთ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციის უფლებას, აცნობიერებთ საერთოდ, რას აკეთებთ? ანუ მართლა აპირებდით „იმედისთვის“ გადაგეცათ ტრანსლაციის უფლება და უბრალოდ შეგეშინდათ?
„რუსთავი 2“-თან თანამშრომლობა, თან რეჟიმის დავალებით, არის ქვეშქვეშა ქოცობა. თუ „რუსთავი 2“-ის თითოეული თანამშრომელი რეჟიმთან მოთანამშრომლეა, მაშინ „სეტანტას“ თითოეული თანამშრომელიც ამიერიდან რეჟიმთან მოთანამშრომლეა და მხილებას უნდა ელოდოს. გამოფხიზლდით, ან გამოგაფხიზლებთ“, — წერს ნიკა გვარამია.
















